11-03-2019
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინვესტიცია 2018 წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ნიდერლანდიდან შემოვიდა. თუმცა, აზერბაიჯანიდან ინვესტიციები თითქმის განახევრებულია, რაც მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებას უკავშირდება.
საქსტატის ცნობით, შარშან აზერბაიჯანიდან ინვესტიციების მოცულობამ 240 მილიონი დოლარი შეადგინა, გაერთიანებული სამეფოდან 203 მილიონი დოლარი, ნიდერლანდებიდან 167.9 მილიონი დოლარი, აშშ-დან 103.7 მილიონი დოლარი, პანამიდან 74.7 მილიონი დოლარი, ჩეხეთიდან 72.3 მილიონი დოლარი, ჩინეთიდან 65.4 მილიონი დოლარი, სამხრეთ კორეიდან 63.2 მილიონი დოლარი, რუსეთისან 60.1 მილიონი დოლარი, სხვა ქვეყნებიდან – 181.5 მილიონი დოლარი.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წელს 52.3 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 277.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 209.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი,157.2 მლნ. აშშ დოლარით.
2018 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35 პროცენტით შემცირდა. ამასთან, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა (197.1 მილიონი დოლარი) 2010 წლის პირველი კვარტლის (176.1 მილიონი დოლარი) შემდეგ.