გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ამერიკელი მკვლევარი: შესაძლოა, ვენესუელამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება გააუქმოს

14-03-2019

ვენესუელას - ქვეყანას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს - დღეს ორი პრეზიდენტი ჰყავს - ნიკოლას მადურო და ხუან გუაიდო. ამ უკანასკნელმა, რომელიც ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს - კონგრესის თავმჯდომარეა, საკუთარი თავი პრეზიდენტად მას შემდეგ გამოაცხადა, როცა ცნობილი გახდა ნიკპოლას მადუროს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ფაქტი.


ნიკოლას მადუროს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი 2013 წელს ჰუგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ გახდა, დღეს, სულ ცოტა, 56-ზე მეტი ქვეყანა პრეზიდენტად არ აღიარებს და ხუან გუაიდოსთან დროებითი პრეზიდენტის ამპლუაში ურთიერთობს. ამ ქვეყნებს შორისაა დასავლეთის სახელმწიფოების დიდი ნაწილი, მათ შორის, შეერთებული შტატები და საქართველო. რუსეთი, [ჩინეთი] და თურქეთი მხარს ნიკოლას მადუროს უჭერენ და ქვეყნის სათავეში მის დატოვებას ცდილობენ.


როგორია ანკარისა და მოსკოვის პოზიცია კარაკასის მიმართ? რატომ და რა იმედები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით? ამ თემებზე „ამერიკის ხმა“ ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის რუსეთის მკვლევარ ანა ბორჩევსკაიას ესაუბრა.


- მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. როგორია რუსეთის პოზიცია ვენესუელასთან დაკავშირებით და რას ეფუძნება მათი ურთიერთობა?


- აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რუსეთისა და ვენესუელის ურთიერთობა ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. ეს არის ორ ავტორიტარულ ქვეყანას შორის სიმბიოზური ურთიერთობა იქნება ეს იარაღით ვაჭრობა, ნავთობი თუ ოქრო. ვენესუელური ოქრო ბოლო პერიოდში, მოგეხსენებათ მნიშვნელოვან საკითხად წამოიჭრა. მეორე საკითხი ისაა, რომ ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში, რუსეთი სამხრეთ ამერიკაშიც ცდილობს მნიშვნელოვანი როლის თამაშს, რაზეც ყურადღება აქამდე დიდად არ მახვილდებოდა. კიდევ ერთი საკითხი, პუტინის დამოკიდებულებაა ავტორიტარული რეჟიმების მიმართ. მას მიაჩნია, რომ ყველგან სადაც ხალხს ავტორიტარული მმართველობის დამთავრება სურს, პროცესებში ამერიკაა ჩართული. ბოლო საინტერესო თემად კი კრიპტო-ვალუტას გამოვყოფდი. რუსეთსა და ვენესუელას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია გრძელდება.


- რა ინტერესი აქვს რუსეთს, ვენესუელაში დიქტატურის თუ დიქტატორის შენარჩუნებაში?


- ორივე ერთმანეთს გადარჩენაში ეხმარება და წინააღმდეგობას უწევენ დასავლეთის ჰეგემონიას. რუსეთის მთავრობის ტრადიციული ინტერესია ახლო ურთიერთობის შენარჩუნება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც იარაღითა და ნავთობით ვაჭრობს.
(...)


- ვენესულაში მოვლენების დაძაბვასთან ერთად, საინტერესო იყო თურქეთის მოქმედებებზე დაკვირვება. რა არის თურქეთის პოზიცია ვენესუელასთან დაკავშირებით?


- თურქეთს ვენესუელასთან ძალიან საინტერესო ურთიერთობა აქვს. ისინი მნიშვნელოვნად დაახლოვდნენ 2016 წელს თურქეთში ჩაშლილი გადატრიალების მცდელობის შემდეგ. მათ ისეთი ისტორიული ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, როგორიც, მაგალითად, რუსეთს და ვენესუელას, მაგრამ ბოლო პერიოდში ისინი უჩვეულოდ დაახლოვდნენ. რეჯეფ ერდოღანი კარაკასში ისტორიული ვიზიტითაც კი ჩავიდა. ნიკოლას მადუროს მთავრობის წარმომადგენლები კი შარშან ანკარაში, თუ არ ვცდები, 4-ჯერ იყვნენ ჩასული. ამ ურთიერთობაში ყველაზე შემაშფოთებელი ვენესუელის ოქროა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვენესუელის ოქრო ირანში თურქეთის გავლით ჩადის, ამით კი მათ წინააღმდეგ არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდება. ეს კი იმაზე საგანგაშოა, ვიდრე რუსეთის ურთიერთობა ვენესუელასთან.
(...)


- როგორც იცით, ჰუგო ჩავესმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - რუსეთის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. არსებობს, თუ არა იმის ალბათობა, რომ ვენესუელამ მათი აღიარება უკან წაიღოს იმ შემთხვევაში, თუ მადუროს მმართველობა დამთავრდა და პრეზიდენტი ხუან გუაიდო გახდა?


- ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია. ერთი ისაა გასათვალისწინებელი, რამდენად დიდი პრიორიტეტი იქნება ეს ვენესუელის ახალი მთავრობისთვის, თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა. ხუან გუაიდო, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ლიდერია და აღიარების უკან წაღება მართლაც მოსალოდნელია. მაგრამ პუტინს ეს, რა თქმა უნდა, არ სურს.


- ხუან გუაიდო რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს და ეს დღემდე მკაფიოდ ჩანს. შესაძლებელია რუსეთმა ვენესუელა დაკარგოს?


- ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. რუსეთი ხელწერას არ იცვლის და ერთი და იგივე მეთოდებით ხელმძღვანელობს. ხუან გუაიდოს ვენესუელაში დემოკრატიული მმართველობის დამყარება სურს, ვლადიმერ პუტინს კი ეს არ უნდა და ის იგივე სცენარს იმეორებს, რაც ვნახეთ უკრაინაში და საქართველოში. რუსი პრეზიდენტი ამერიკას დემონსტრაციების ორგანიზებაში ადანაშაულებს.


- საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?


- ვფიქრობ, ეს ნაბიჯი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც დასავლურ დემოკრატიულ პრინციპებს იცავს. ამასთან, საქართველომ ეს ნაბიჯი საჯაროდ გადადგა და ეს არ იყო დამალული ქმედება. როცა ასეთ საკითხზე ვსაუბრობთ, იმ პრინციპების საჯაროდ დაცვა, რომლებისაც გჯერა, ძალიან მნიშვნელოვანია.



წყარო: «Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930