გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზღვაო ფინანსირების მოდელის ქართულ საბანკო სექტორში დანერგვაზე სემინარი ჩატარდა

25-03-2019

საზღვაო დარგის მრავალფუნქციონალური მიდგომების განვითარებისა და ქართულ საბანკო სექტორში საზღვაო ფინანსების შესახებ სპეციფიკური ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ორგანიზება გაუკეთა სემინარს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რომელშიც ჩართულია საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის წარმომადგენელი.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გახსნა სემინარი და აღნიშნა, რომ „ქვეყნისთვის საზღვაო სფეროში არსებული სერვისების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ამ დარგის ზოგიერთ სეგმენტში, არსებობს მიმართულებები, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული - CASS-ის ბიზნეს სკოლის პროფესორი ბატონი ნიკოს ნომიკოსი, რათა გაგვიზიაროს თავისი ცოდნა საზღვაო ფინანსირების მიმართულებაში. ჩვენი მიზანია მივიღოთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს პორტებში ახალი სერვისების იმპლემენტაციის პროცესს.“


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა სემინარში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ბანკების ასოციასიის პრეზიდენტს ბატონ ალექსანდრე ძნელაძეს, კომერციული ბანკების წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად მუშაობს საზღვაო სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც სწორედ საზღვაო ფინანსირებაა. „ვფიქრობთ, რომ ბანკებისთვის ძალიან საინტერესო იქნება აღნიშნული მოდელის გაცნობა, რისთვისაც ჩამოყვანილი გვყავს საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც სემინარზე განიხილავენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. საზღვაო ინდუსტრია დღეს საკმაოდ სწრაფად ვითარდება საქართველოში და მთავრობის მიერ დაგეგმილ სხვა რეფორმებთან ერთად ქართული ბანკების დაინტერესება საზღვაო ფინანსირებით, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ პროცესს“.


საქართველოში საზღვაო ფინანსირება აუთვისებელ სეგმენტს წარმოადგენს და მიზანშეწონილია მისი განვითარება, ვინაიდან ექსპერტთა აზრით, შესაძლოა ქვეყნისათვის ინვესტიციებისა და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროდ იქცეს და ხელი შეუწყოს საზღვაო ინდუსტრიის მდგრად განვითარებას.


სემინარზე მოწვეულია საზღვაო ფინანსებისა და ინვესტიციების საერთაშორისო დონის ექსპერტები: City University London-ის CASS-ის ბიზნეს სკოლის საზღვაო რისკების მართვის პროფესორი ნიკოს ნომიკოსის, ჰოლანდიური კომპანიის Zuyderzee Capital-ის მმართველი პარტნიორები ტიჯს სლავენბურგი და ჰენკ დიტეილორი.


საზღვაო ფინანსები არის საბანკო სექტორში შემავალი, კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების მქონე მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას. ეს არის მსოფლიოში მრავალი წლის მანძილზე აპრობირებული მეთოდი, რომელსაც წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ საზღვაო ინვესტიციების დასაფინანსებლად. საზღვაო ფინანსები სრულიად განსხვავდება ტრადიციული ფინანსებისგან და ამავდროულად მიიჩნევა ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან ბიზნესად.


სემინარზე დეტალურად განიხილება ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მსოფლიო ეკონომიკაში საზღვაო ინდუსტრიის როლი, მოთხოვნა-მიწოდების ანალიზი, საზღვაო ციკლებისა და ინდიკატორების გავლენა, საზღვაო სესხის სტრუქტურა და ანალიზი, პორტფოლიოს მართვა და სხვა მასთან დაკავშირებულ თემები და გემების ფინანსირების პირობების ნიმუშები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031