გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტმა ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეული შედეგები წარადგინა

25-03-2019

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა მიმდინარე საპარლამენტო რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენლის - პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის შესახებ. დღეს გამართულ ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა რეგლამენტის ახალი რედაქციის მიღებიდან პირველ 100 დღეში მიღწეული შედეგები შეაჯამეს.


შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა მიმართა.


"100 დღეა რაც ძალაში შევიდა საქართველოს ახალი კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ორივე დოკუმენტი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოში პარლამენტარიზმი სწორი განვითარებისთვის, პარლამენტის რეფორმისთვის და ისეთი საკანონმდებლო ხელისუფლების მიღებისთვის, როგორსაც იმსახურებს საპარლამენტო დემოკრატია. ჩვენ ამ რეფორმებში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ და დღეს გვაქვს შესაძლებლობა გავაანალიზოთ შედეგები - ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, რომელიც სახეზეა ამ 100 დღის განმავლობაში, ასევე ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის ამოქმედებიდან გასული 100 დღე შეაჯამა და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ძლიერი პარლამენტი ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას.


„ძლიერი პარლამენტის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიის არსებობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული პარლამენტის პოლიტიკური და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ, ინსტიტუციური განვითარებისკენ და ამ პროცესში, თითოეული ჩვენი პარტნიორის, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სუბიექტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თვისებრივად გაძლიერება იყო ის ამბიციური ამოცანა, რომელიც მმართველმა გუნდმა 2016 წლიდან დაისახა.


მისი თქმით, არსებობდა სირთულეები პარლამენტის ორი ძირითადი ფუნქციის - საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ 100 დღეა გასული, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში, უკვე არის ხელშესახები შედეგები.


პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ახალ ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რასაც ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. მისი თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, თუ რამდენად არის გააქტიურებული ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პარლამენტსა და მინისტრებს შორის გამართული საინტერესო დისკუსიები იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკუთარ საზედამხედველო ფუნქციებს აუმჯობესებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახალი რეგლამენტი პარლამენტს აიძულებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მეტი დრო დაუთმოს კანონპროექტების განხილვას, რაც, სათანადოდ აისახება თავად კანონშემოქმედების ხარისხზე“.


ირაკლი კობახიძის თქმით, რეგლამენტის საფუძველზე დაინერგა ახალი ტრადიცია - პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში და ყოველწლიური გეგმის წარდგენა, ასევე, ახალი ფორმატით შედგა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება.


პარლამენტის თავმჯდომარ რეგლამენტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლედ პარლამენტის თბილისში გადმოტანა დაასახელა და განაცხადა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში ფუნქციონირება მნიშვნელოვანია პარლამენტის ინსტიტუციური სიძლიერისთვის.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს, დეპუტატებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის კაბინეტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.


„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროცესში, რეგლამენტის შემუშავების პროცესში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის თამარ ჩუგოშვილს, რომელიც უძღვებოდა სამუშაო პროცესს და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ძალიან დახვეწილი, ძალიან ქმედითი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ცხოვრების შემდგომ განვითარებას საქართველოში. ასევე, თამარ ჩუგოშვილის ბიუროს თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. პარლამენტის წევრებს, რომლებიც იყვნენ ჩართული პარლამენტის რეგლამენტის შემუშავებაში. მადლობას ვუხდი საპროცედურო კომიტეტის ხელმძღვანელობას, პირადად გიორგი კახიანს. რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ საერთაშორისო პარტნიორებს - რომ არა მათი მხარდაჭერა და ძალისხმევა, ჩვენ ამ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


პარლამენტის რეგლამენტის ახალ მექანიზმებზე, პირველ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე დეტალური პრეზენტაცია წარადგინა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. მან ისაუბრა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე, სხდომებში დეპუტატების მონაწილეობის გაუჯობესებაზე, საკანონმდებლო პროცესის დახვეწაზე, პარლამეტის ანგარიშვალდებულების ზრდასა და საქმიანობის უკეთ ორგანიზებაზე.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო ზედამხედველობა იყო ყველაზე სუსტი ნაწილი პარლამენტისთვის.


მისივე თქმით, ოპოზიციური ფრაქციების ყველა მოთხოვნა მინისტრები პარლამენტში დაბარების თაობაზე შესრულდა.


პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღის განმავლობაში მინისტრების მოსმენას ჯამში, დაეთმო 57 საათი და 30 წუთი და პარლამენტარებმა მათ დაუსვეს 336 შეკითხვა.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, კონსტიტუციით გათვალისწინებული მექანიზმია ასევე ინტერპელაცია, რომელიც პარლმენტში რამდენიმე დღის წინ გაიმართა.


თემატურ მოკვლევაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში დაწყებულია უკვე 6 თემატური მოკვლევა შემდეგ თემებზე: 1. სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა; 2. მოქალაქეთა ჩართულობა სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში; 3. მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა; 4. პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა; 5.ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა თბილისში; 6. დეზინფორმაცია და პროპაგანდა.


„თემატურ მოკვლევა აძლევს საშუალებას პარლამენტის წევრებს, რომ შექმნან მცირე ჯგუფი და სიღრმისეულად ჩაიხედონ პრობლემებში, გაერკვნენ თუ რა ხდება კონკრეტული მიმართულებით, რას ფიქრობს საზოგადოება, რას ფიქრობენ ექსპერტები და იპოვონ საუკეთესო გამოსავალი“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმი, რაც საშუალება აძლევს პარლამენტს ნახოს მის მიერ მიღებული კანონები როგორ ცვლის ადამიანების ცხოვრებას. ამ ეტაპზე უკვე 21 მიმართულებით ამუშავდა კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმი და შექმნილია ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ თამბაქოს კონტროლზე, შრომის უსაფრთხოებაზე, შრომით მიგრაციაზე, ინკლუზიური განათლებაზე და სხვა საკითხებზე.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებით გამოყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შექმნილია აუდიტის ჯგუფი, რომელიც ბიუჯეტის ხარჯვაზე ზედამხედველობას ახორციელებს.



მისივე თქმით, სხდომებში დეპუტატების მონაწილეობის გაუჯობესების მიმართულებით წესები გამკაცრდა, კერძოდ: დავიწროვდა სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალი და გამკაცრდა სანქციები არასაპატიო გაცდენის შემთხვევაში. აღნიშნული რეგულაციების შემოღების შემდეგ, სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი საშუალოდ 35%-ით გაიზარდა.


საკანონმდებლო პროცესის დახვეწის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა იყო.


მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, გართულდა დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა, რის შედეგადაც, 2019 წლის განმავლობაში, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შვიდ მოთხოვნაზე პარლამენტის ბიურომ 5-ჯერ განაცხადა უარი, მაშინ როდესაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიურომ მხოლოდ 2-ჯერ განაცხადა უარი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაზე.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, უკეთ დარეგულირდა კანონპროექტის განხილვის ვადები და პლენარული სხდომების დღეებში პარალელურად აღარ ტარდება საკომიტეტო სხდომები.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, პარლამეტის ანგარიშვალდებულების ზრდა და საქმიანობის უკეთ ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, ჩამოყალიბდეს საზოგადოების ნდობა.

პარლამეტის ანგარიშვალდებულების ზრდისა და საქმიანობის უკეთ ორგანიზების კუთხით, თხუთმეტივე კომიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა წლიური სამოქმედო გეგმა. ასევე, ყველა კომიტეტში უკვე დაინიშნა თემატური მომხსენებლები.


მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველად დამტკიცდა ეთიკის კოდექსი და დაკომპლექტდა ეთიკის საბჭო.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პარლამენტის კვლევით ცენტრზე და აღნიშნა, რომ დიდი აქცენტი კეთდება პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაჩენაზე.


პრეზენტაციის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, პარლამენტი უნდა იყოს სწორედ პოლიტიკური პროცესების ცენტრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო რესპუბლიკაში.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლ ჰარცელმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.

შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ხოლო ხელშემწყობები - ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებას ემსახურება.


რეგლამენტის ახალი რედაქცია 2017-2018 წლებში კომპლექსური საკონსულტაციო პროცესის შედეგად შემუშავდა. საქართველოს პარლამენტთან ერთად რეგლამენტის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობდნენ. ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ხელი შეუწყვეს ამ პროცესის წარმართვას და საქართველოს პარლამენტის მიერ ევროპული საპარლამენტო დემოკრატიების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.


საპარლამენტო რეგლამენტით დანერგილ სიახლეებზე მსჯელობა მომავალი თვეების მანძილზე გაგრძელდება. 2020 წელს საქართველოს პარლამენტი გამოაქვეყნებს ანგარიშს ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისა და შედეგების შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930