გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთოხების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს

28-03-2019

2019 წლის 28 მარტს ბრიუსელში ნატოს შტაბ ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. სხდომას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როზ გოტმიულერი უძღვებოდა, საქართველოს მხრიდან ალიანსის მუდმივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.


სხდომაზე მაღალი შეფასება მიეცა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტისა და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით მიმდინარე კვირის აქტიური დინამიკა ხაზს უსვამს საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს ალიანსის პოლიტიკურ დღის წესრიგში და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს აღიარების მორიგ დემონსტრირებას.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო და აღინიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობით შავ ზღვაზე მსჯელობა უმნიშვნელოვანესია ვაშინგტონში დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის კონტექსტში, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იქნება. ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა აღნიშნეს შავი ზღვის რეგიონში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და პრაქტიკულ ჩართულობას, მათ შორის საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ბრიუსელის სამიტზე შავი ზღვის რეგიონთან დაკავშრებით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესში. რაც გამოიხატება, ნატო-ს საზღვაო დაჯგუფებების გემების ვიზიტებში და ერთობლივ ღონისძიებებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების მომზადებაში, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაში. ასევე საჰაერო და საზღვაო მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარებაში.


ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა შავი ზღვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში, ასევე მის მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანიშნულებას და როლს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარებაში.


რეგიონალურ უსაფრთხოებაზე საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ, ადგილზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა.


სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი. აღინიშნა, რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად, მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულ იმპლემენტაციას. ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს დემოკრატიული, პოლიტიკურ, ეკონომიკურ რეფორმებს და ხაზი გაესვა საქართველოს ლიდერ პოზიციებს ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგულია ღია კარის პოლიტიკის და გამოიხატა მზაობა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და კონტრიბუცია ნატო-ს სამშვიდობო მისიებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930