21-04-2019
თეთრ სახლში განიხილება სავიზო პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობა იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელთა მოქალაქეები ყველაზე უფრო მეტი რაოდენობით რჩებიან აშშ-ში - უკანონოდ, ვადების დარღვევით.
გაზეთმა The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვით, შეზღუდვა, სავარაუდოდ, დაუწესდებათ იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებმა აშშ-ში შესასვლელად ბიზნეს- და ტურისტული ვიზები (კატეგორია B1/B2) მიიღეს და იმავე დროს განსაკუთრებით ხშირად არღვევენ ამერიკის ტერიტორიაზე ყოფნის ვადებს. ამ ქვეყნების მოქალაქეებისათვის განიხილება შემდეგი ზომების მიღება: მათთვის შემცირდება აშშ-ში ყოფნის ვადები, გაიზრდება ბაჟის ოდენობა და გართულდება აშშ-ის ვიზის მიღების პროცედურა. გარდა ამისა, გაზეთ Politico-ს ცნობით, რომელიც აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს იმოწმებს, ქვეყნის ტერიტორიაზე ზოგიერთი სახელმწიფოს მოქალაქეების ყოფნის ახალი წესები შეიძლება პრეზიდენტის ბრძანებულებით იქნეს შემოღებული.
აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით (ჯერ-ჯერობით 2017 წლის მონაცემებია ხელმისაწვდომი), ამერიკის ტერიტორიაზე ყოფნის ვადები დაარღვია იმ ქვეყნების მოქალაქეთა 1,35%-მა, რომლებთანაც აშშ-ს უვიზო რეჟიმი აქვს. იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომელთანაც სავიზო აშშ-ს რეჟიმი აქვს, ეს მაჩვენებელი 1,86%-ს აღწევს. აშშ-ში გაცვლის პროგრამებით ჩასულ უცხოელ სტუდენტთა შორის მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ვადების დარღვევის რაოდენობა 3,73%-ს შეადგენს. სავიზო რეჟიმის დამრღვევთა უმრავლესობა აშშ-ში აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა ჩასული. კერძოდ, ჯიბუტიდან ჩასულების 44%, იემენიდან - 28%, სირიიდან - 177%-ზე მეტი. გარდა ამისა, აშშ-ის სავიზო რეჟიმის დამრღვწევები არიან შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: რუსეთის (1,72%), ბელარუსის (4,01%), უკრაინის (2,4%), მოლდოვის (2,92%), აზერბაიჯანის (7,62%), სომხეთის (4,65%), საქართველოს (10,72%), ყაზახეთის (3,72%), ყირგიზეთის (3,20%), თურქმენეთის (9,10%) და უზბეკეთის (6,68%).