7-02-2018
თბილისში გამოავლინეს მამაკაცთა წვერ-ულვაშის კონკურსის გამარჯვებული. მსგავსი ჩემპიონატები ტრადიციულად იმართება კანადაში, საფრანგეთში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში.
დაჯილდოების ცერემონია გუშინ ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ტიტულის „საუკეთესო წვერ-ულვაში 2018" მფლობელი გახდა ლევან შუკაკიძე. გამარჯვებული ნომინაციაში „ყველაზე შემოქმედებითი ულვაში" არის ნათანიელ ერიაშვილი. „Facebook-ში კენჭისყრის" ლიდერია დათო ნადირაშვილი, ხოლო „წვეროსანთა კლუბის ფავორიტი" — Man From-nazareth.
კონკურსის ყველა ლაურეატმა მიიღო ჯილდო, სიგელი, საჩუქარი და სამახსოვრო პრიზი.
კონკურსის ფარგლებში გამართულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დიდი პიროვნებების — მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების ფოტოები, რომლებიც წვერ-ულვაშს ატარებდნენ. მათ შორის არიან აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონ ტაბიძე და სხვები.
საქართველოში კონკურსის გამართვის ინიციატორები იყვნენ წვეროსანთა კლუბის Beardman დამფუძნებლები ბექა გოგიბერიძე და თორნიკე სამხარაძე. ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას, რომ წვერ-ულვაშის ტარება მხოლოდ მოდა არ არის, არამედ ქართული კულტურის ნაწილია.
შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო მოვლილი, ლამაზი და ორიგინალური წვერ-ულვაში.
საქართველოში საუკეთესო წვერ-ულვაშის კონკურსი პირველად ჩატარდა.
13-01-2025