24-05-2019
თბილისში ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მოსახლეობა ევაკუირებულია.
ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, დაზარალებულებს სასტუმროში დააბინავებენ.
"ჯერჯერობით ვიქნებით სასტუმროში, მერე იქნებ ქირით გადაგვიყვანონ ან რამე მოახერხონ", - განაცხადა საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთმა მკვიდრმა, ია მაჭავარიანმა.
ლევან ჯაფარიძის განმარტებით, დაიწყება კომპეტენტურ ადამიანებთან საუბარი იმის შესახებ, თუ რა სამუშაოები განხორციელდება ადგილზე, მოსახლეობისათვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
"კომუნიკაცია ყოველდღე გვექნება", - აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელმა.
რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას თქმით, სახლი, რომელიც დაზიანდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
"თავის დროზე რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გაკეთდა, თუმცა სახლის სიძველიდან გამომდინარე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. უნდა მოხდეს უფრო სერიოზული ანალიზი", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.