3-06-2019
სანდიეგოს უნივერსიტეტის პროექტი რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგია და ის გულისხმობს 5 წლის განმავლობაში სანდიეგოს უნივერსიტეტის პროგრამებზე საქართველოს მოქალაქეების სწავლების უზრუნველყოფას, რის შემდეგაც, დაახლოებით, 500 სტუდენტი მიიღებს საქართველოში ამერიკულ დიპლომს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტში აღსანიშნავია კერძო ინვესტიციებიც.
„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფოც არის თანადამფინანსებელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კერძო ინვესტიციები და დახმარებები ფონდების მხრიდან, ამ შემთხვევაში ფონდი „ქართუს“ მხრიდან ხორციელდება ძალიან მასშტაბური ინვესტიცია, რომელიც გულისხმობს სანდიეგოს უნივერსიტეტის 86 სტუდენტის დაფინანსებას, რაც ჯამურად, 4 მილიონ ლარზე მეტია. წელს, სანდიეგოს უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. პროექტი მიმდინარეობს საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობის იმ კომპაქტის ფარგლებში, რომელიც გაფორმდა 2013 წელს და გულისხმობს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობას"განაცხადა მინისტრის მოადგილემ.