11-02-2018
„პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი რეგულარულად ფიგურირებს სკანდალურ ქრონიკებში და საერთოდ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მასზე მუდმივად ილაპარაკონ. ბოლო დროს იგი ვარსკვლავად იქცა, თანაც ზღვის ვარსკვლავად. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შავი ზღვის ნაპირზე ვარსკვლავის პოზა მიიღო. ისე გამოდის, რომ ყველას შეუძლია რაც სურს, ის გააკეთოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება იმ დოკუმენტური ფილმის კულმინაციურ ფინალს, რომელიც, რასაკვირველია, თვითონ მიხომ გადაიღო საკუთარ თავზე. ექს-პრეზიდენტის ქცევას რომ აკვირდები, უნებლიედ ფიქრობ, რომ მიხომ პროფესია შეცდომით აირჩია: პოლიტიკოსის ნაცვლად იგი მსახიობი უნდა ყოფილიყო“-ასეთი შესავალი გაუკეთა რუსული ტელეკომპანია «Мир-24»-ის საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა «Вместе»-ს წამყვანმა ეკატერინე აბრამოვამ სიუჟეტს, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შეეხება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ რეპორტაჟის ქართულენოვან რეზიუმეს:
„ეს სულ სხვა რაღაცაა! შეხდეთ! ეს სივრცე და თავისუფლებაა! ეს სასწაულია! შეხედეთ, ხალხო!“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ფილმის „უკრაინის აღორძინების“ ფინალურ კადრში. საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი თავის აღფრთოვანებას არ მალავს. ზღვის ნაპირზე მიმავალი რაღაც მომენტში წონასწორობას კარგავს და ვარდება. აშკარაა, რომ „ევროპის უკანასკნელ ხელუხლებელ პლაჟზე“, ოდესიდან ერთი საათის სავალზე, უკეთესია დაწვე და ისიამოვნო. ამინდს მნიშვნელობა არ აქვს.
ფილმს უკვე რიმეიკები გამოუჩნდა: ზღვის ვარკვლავის ფორმამიღებულმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრი დააინტერესა და გულგრილი არ დატოვა. აი, კადრი რიმეიკიდან: კოვბოი ზღვის ნაპირზე მოსიარულე მიხოს შაშხანას უმიზნებს, ისვრის და მიხოს ქვიშაზე ვარდება. ხუმრობა ხუმრობაა, სერიოზულად კი - ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალი ქართველი პოლიტიკოსი თავისი დღევანდელი სამშობლოს - უკრაინის მომავალზე თორმეტი წუთის განმავლობაში საუბრობს, რომლის არსი მარტივია: „ახლა საქმე ცუდადაა, მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებ!“ (კადრი ფილმიდან: მიხო ოდესის ერთ-ერთ ქუჩაში დგას და ამბობს: „მე ამის გამოცდილება მაქვს. თბილისის ქუჩა, სადაც მე დავიბადე, ასევე დანგრეული იყო. ჩვენ ყველაფერი აღვადგინეთ. ძველი ოდესა იგივე სახით აღდგება მსოფლიოსათვის, როგორც ადრე იყო“).
მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა აუდიტორიაზე მუშაობს, მაგრამ აქცენტს მაინც უფრო ახალგაზრდებზე აკეთებს (კადრი ფილმიდან: მიხო მოზარდებთან დგას - „აქ ახალი ანტალია იქნება. ანტალიაც ასე იწყებოდა, მაგრამ აქ უფრო მაგარი გარემოა, ვიდრე ანტალიაში. უბრალოდ, უნდა იცოდე, როგორ დაიწყო და განავითარო...“.
„მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად აპიარებს იმას, რაც მას სჭირდება. თუმცა, მიშა რომ იგივე ხაზს ატარებდეს უკრაინაში, რაც მან თავის დროზე ბათუმში და საქართველოს სხვა საკურორტო ადგილებში გაატარა, ეს ნორმალური იქნებოდა“, - ამბობს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, საქართველოს ექს-პრეზიდენტზე შექმნილი სკანდალური წიგნის ავტორი.
მიშიკო თავის ფილმში არა მხოლოდ თითქმის მშობლიურ ოდესაში ჩნდება, არამედ უკრაინის სხვა ადგილებშიც. მშვიდი ტონი, აუჩქარებელი ნაბიჯები, ლირიკული მუსიკის ფონი. იგი არ ჰგავს იმ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სახურავზე დაძვრება და საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს. ლალი მოროშკინა დარწმუნებულია, რომ ფილმზე ოკეანისიქითა იმიჯმეიკერებმაც წაიმუშავეს: „რასაკვირველია, მიშას მათ ურჩიეს და უთხრეს: „ცოტა გაზს დაუწიეო“ და მიშამაც დაუწია, მშვიდ ადამიანად იქცა, რომელსაც უკრაინის აყვავება სურს. რატომაც არა!“.
აუდიტორია მიხეილ სააკაშვილისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თავისი პოლიტიკური საქმიანობის გარიჟრაჟზე მიშა თბილისის ფილარმონიის დარბაზს ხალხით ავსებდა ხოლმე, როცა ედუარდ შევარდნაძის პარტიას - „მოქალაქეთა კავშირს“ აპიარებდა და ხალხში აგიტაციას ეწეოდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი იგი უკვე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოვიდა.
ტელევიზიის ძალა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ დროს შეაფასა. 2003 წლის ნოემბერში, თავის მომხრეებთან ერთად, იგი პარლამენტის დარბაზში სწორედ იმ დროს შევარდა, როცა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა პირდაპ[ირი ეთერით გადაიცემოდა; მთელმა საქართელომ უცებ გაიგო რევოლუციონერების გამარჯვება, თუმცა იმ მომენტში ჯერ კიდევ არავის ესმოდა, თუ რით დამთავრდებოდა ყველაფერი.
„მიხეილ სააკაშვილს სჯერა, რომ პოლიტიკა მუდმივ პიარს წარმოადგენს. მისთვის სულ ერთია. მას შეუძლია დღეს ერთი გააკეთოს, ხვალ კი მეორე, რომლებიც ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდებიან“, - ამბობს პეტრე მამრაძე, მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი.
ნათლისღებისას დნეპრის ყინულიან წყალში ჩაყვინთვაც მისთვის „სულ სხვა რაღაცაა“, რომელიც აუდიტორიის მუდმივ ინტერესს განაპირობებს. საქართველოში ამგვარი ვიდეოები არ უკვირთ, რადგანაც მათ კარგად ახსოვთ მიშას „მაიმუნობები“ (კადრები: შიშველი მიხო ბათუმის პლაჟზე, „დაბოლილი“ მიხო პატრიარქის სავარძელში, მიხო გირებით, მიხო ჰალსტუხს ღეჭავს, მიხო თვითმფრინავის საჭესთან, მიხო ვენახში, მიხო ყურძენს წურავს, მიხო ღვინის ფიალით ხელში...).
თუმცა მიხეილ სააკაშვილს უკვე სცენარების არჩევა უჭირს: იგი გაწამებულია მის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესებით როგორც თბილისში, ასევე კიევში. სასამართლო მას დიდ დროს ართმევს და ნერვებს უწეწავს. და თუ კიეველმა თემიდამ მას მხოლოდ ღამით გარეთ გასვლა აუკრძალა (და ისიც დროებით), თბილისში მიხოს უარესი ელოდება - პატიმრობის სამწლიანი სეზონი. თუმცა „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, ნათქვამია: რაც მეტი სკანდალი, მით მეტი დიდება და სახელი. სხვაგვარად მიშას არსებობა ვაითუ დაავიწყდეთ.