15-06-2019
მთავრობის ადმინისტრაციასთან, გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირებიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1000-ლარიანი გირაო დაეკისრა.
როგორც ჟურნალისტებს, ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა, ნანა ჯინჭარაძემ განუცხადა, ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც დაკავებულებს დაეკისრათ, არასამართლიანია.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებულებიდან სამ პირს 1000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალი ასეთია, რომ პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა, გიორგი ხვედელიძემ ეს უარყო და თქვა, რომ ასე არ ყოფილა. ის მოძღვართან მიახლოებას ცდილობდა და ამის საფუძველზე დააკავეს. ხვედელიძე 5 შვილის მამაა და ასე მარტივი არაა 1000 ლარის მოტანა", - განაცხადა ჯინჭარაძემ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 28 პირის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, გუშინ, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით აქციის 28 მონაწილე დააკავეს.
მათგან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.