გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხის დღევანდელი პოლიტიკური კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია

20-06-2019

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

სესია, რომელიც თბილისში იმართება, ირაკლი კობახიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მისი თქმით, ასამბლეის წევრებს მასპინძლობს ერი, რომელიც ერთერთი პირველი იყო, ვინც ქრისტიანობა ჭეშმარიტ სარწმუნოებად აღიარა და რომელიც რწმენის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად საუკუნეების მანძილზე იბრძოდა და ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქრისტიანობის როლზე ისაუბრა.

„ქრისტიანობა ქართველი ხალხისათვის არ იყო მხოლოდ რწმენა ან ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საშუალება. ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართულ ხელოვნებას, ლიტერატურას, საზოგადოებრივ ფასეულობებს, ურთიერთობის კულტურას. ქრისტიანულმა თვისებებმა - მოთმინებამ, გამძლეობამ, მომავლის რწმენამ და გამბედაობამ - გადაარჩინა საქართველო, როგორც სახელმწიფო და მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, თავისუფლებამდე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე - ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის და ეს რწმენის შესაბამისი ქმედებებით უნდა გამოიხატოს.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია. ეს გარემოება შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის, არამედ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა, ამ რწმენის შესაბამისი ქმედებით უნდა გამოიხატოს. მიუღებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცდილობენ ძალით წაგართვან საუკუნეების განმავლობაში გადარჩენილი მიწა-წყალი. მეტიც, ოკუპირებულ მიწებზე კლავენ და იტაცებენ ადამიანებს, ბავშვებს ართმევენ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას, ინგრევა ეკლესიები და სახლები, მიზანმიმართულად იშლება ქართული კულტურის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული კულტურის კვალი. დამეთანხმებით, რომ ყოველივე ამას ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს საერთო”,- მიმართა ასამბლეის წევრებს ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხის დღევანდელი პოლიტიკური კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია.

„დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილმოსურნე ურთიერთობებიც აღდგება. ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიიდან კარგად ვიცით, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა, რომელსაც ქრისტიანული მორალი უმაგრებს ზურგს, აუცილებლად წარმატებული იქნება. დღეს ქართველი ხალხის ძალისხმევა მიმართულია თავისუფლების განმტკიცებისაკენ, ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისაკენ და ღირსეული, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების გაძლიერებისაკენ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში საქართველოს მეგობარი ქვეყნების იმედი აქვს.

„ამ ბრძოლაში ჩვენ მეგობრების იმედი გვაქვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც ქრისტიანულ ღირებულებებს იზიარებენ და საქართველოს მისწრაფებებს პატივს სცემენ. მინდა მოგიწოდოთ, რომ ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, რომ პარლამენტებს შორის თანამშრომლობამ აღკვეთოს ქვეყნებს შორის აგრესია, სხვისი ტერიტორიის ოკუპაცია, მიწებისა და მოსახლეობის ანექსია და ამით ხელი შევუწყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ჩვენს ხალხებს შორის”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხანგრძლივი და რთული პროცესის შედეგად, ქვეყანამ მიიღო საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა კონსტიტუციურ დონეზე გაიწერა და მაღალ დონეზე ავიდა.

“დღეს, როდესაც მსოფლიოში ძალიან ძლიერია პოლიტიკური პოლარიზაცია და დაპირისპირება, მხოლოდ პარლამენტებს, ხალხის რჩეულებს შეუძლიათ დაძლიონ სახელმწიფოებს შორის და ქვეყნებს შიგნით არსებული წინააღმდეგობები, დააახლოონ პოზიციები და მიაღწიონ მეტ ურთიერთგაგებასა და მშვიდობას.

მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო რელიგია და კულტურული ტრადიციები, ხოლო ჩვენ, პარლამენტარებს, გვაერთიანებს ხალხის მიერ მოცემული მანდატი და ხალხზე ზრუნვის ვალდებულება. ვფიქრობ, ეს კარგი საფუძველია წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930