გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა: პარტიულ დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესებს ნუ გადავაყოლებთ

25-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ხულორდავა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მე არ გამოვირჩევი ოპონენტების ქმედებების მკაცრი შეფასებებით. ვერცერთ შემთხვევას ვერ შემახსენებთ, ვინმე დამემცირებინოს ან შეურაცყოფა მიმეყენებინოს, მაგრამ ამ დღეებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციულ სახეს.

ისინი არ ერიდებიან ადამიანების გულწრფელ განწყობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვას, ოღონდ თავიანთი პოლიტიკური რევანში მოიყვანონ სისრულეში. ამით მხოლოდ ზარალდება ქვეყანა. არავითარი სარგებელი არ მოაქვს ამ ეპატაჟურ გამოსვლებს, ურაპატრიოტიზმს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხედავენ უბედურებას მაგრამ არ ერიდებიან მის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის.

გული მიკვდება, როცა თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ამბობენ რომ "ანტისაოკუპაციო დემონსტრაცია დაარბია ხელისუფლებამ". არ უნდა ავყვეთ ამ მავნებელ რიტორიკას. დღეს ჩვენ, ხალხს და ხელისუფლებას,ხელისუფლებას და ოპოზიციას, არ განგვასხვავებს მოთხოვნა "არა ოკუპაციას!". ეს ჩვენი საერთო პოზიციაა! ნუ გვეშინია ამის დანახვა და აღიარება. ამ პარტიულ დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესებს ნუ გადავაყოლებთ.

დიახ, 20 ივნისის აქცია იყო საზოგადოების პასუხი ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეცდომაზე. უმნიშვნელო ასამბლეა ტარდებოდა, რომლის წევრების უმეტესობა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან არიან. და დიახ, დიდი დაუდევრობა და შეცდომა იყო ამ შეკრების პარლამენტის შენობაში დაშვება. ამ შეცდომაზე პასუხი ვაგეთ. პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. დეპუტატმა, ვინც ასამბლეის მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი საპარლამენტო მანდატი დატოვა.

ვთქვათ სიმართლე: 20-21 ივნისის ღამეს, როცა საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა სცადეს, ეს აღარ იყო მშვიდობიანი აქცია! ეს იყო უმართავი პროცესი, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლოდ იყენებდა თავისი პოლიტიკური ინტერესისთვის. ამ დროს სამოქალაქო საზოგადოების წევრები, საერთაშორისო პარტნიორები უკვე აკეთებდნენ განცხადებებს ძალადობის მიუღებლობის შესახებ და ამ პროცესში მონაწილეობას ემიჯნებოდნენ. ეს აღარ იყო მშვიდობიანი აქცია. ყველა ვუყურებდით როგორ მიქონდათ იერიში პარლამენტის შენობაზე, როგორ ძალადობდნენ პოლიციაზე საათების განმავლობაში, როგორ მოთმინებით იტანდნენ სპეციალურად აღჭურვილი პოლიციელები ამ ძალადობას, როგორ ართმევდნენ მათ ფარს და ჩაფხუტს. ჩვენ ვნახეთ როგორ საუბრობდა ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი შეჭრაზე და პარლამენტის დაკავებაზე. ასეთი ძალადობის მერე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სრულიად ლეგიტიმურია საპოლიციო ჩარევა.

მერე რაც მოხდა არავის მოგვეწონა. ვნახეთ შემზარავი კადრები - იყო ძალის გადამეტების ფაქტები, ამის უარყოფა შეუძლებელია. არავინ ამართლებს ვინმეს დანაშაულს და კიდეც ითქვა, რომ გამოძიება სახალხო დამცველის მონაწილეობით წარიმართება და ყველა აგებს პასუხს თითოეული ქმედებისთვის, დანაშაულისთვის თუ გადაცდომისთვის.

გუშინ გაკეთდა უპრეცედენტო განცხადება, რომ მხარს ვუჭერთ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. ამას პარტიებთან კონსულტაცია და ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში დაბრუნება ჭირდება. ამისთვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობა.

გთხოვთ, გავემიჯნოთ ამ ფსევდოპატრიოტულ ზედაპირულ დამოკიდებულებას. ჩვენ ყველა პატრიოტები ვართ. ყველა ქართველები ვართ და არავის არ ჭირდება დღეს ამტკიცოს ვის უფრო მეტად სურს ქვეყნის დეოკუპაცია.ეს ჩვენი საერთო მოთხოვნა და მიზანია! ამ საკითხში ვითომ განხეთქილების წარმოჩენა მხოლოდ ჩვენი საერთო მოწინააღმდეგის ინტერესშია და მნიშვნელოვნად ვნებს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე. თუ მომავალი გვაღელვებს დაწყებული ბოლომდე მივიყვანოთ, დაშავებულებს ვუპატრონოთ, გამოძიება ჩავატაროთ, დასასჯელი დავსაჯოთ და საარჩევნო სისტემა შევცვალოთ. ვიმუშაოთ რეალურ პრობლემებზე, რეალური საფრთხეების თავიდან აცილებაზე და ერთად შევუქმნათ თავისუფალი და უკეთესი მომავალი ჩვენს შვილებს"-აცხადებს დეპუტატი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031