გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მგზავრები ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდას QR-კოდით შეძლებენ

26-06-2019

A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს QR-კოდი გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც, მგზავრები მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ტაქსის მძღოლებმა QR-კოდის მისაღებად, საქართველოს ბანკის ფილიალებს უნდა მიმართონ და ის ავტომანქანის ინტერიერში განათავსონ. 

„ტაქსის მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან არაერთი შეხვედრა და კომუნიკაცია გვქონდა, რომლის დროსაც სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა - ეს იყო ბანკებთან ურთიერთობა, რადგანაც ისინი სესხის აღებას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. ბანკებთან კომუნიკაციის შედეგად, შეიქმნა სპეციალური პროდუქტი, რომლის შესახებაც საქართველოს ბანკმა მოქალაქეებს უკვე აცნობა. კონკრეტული საბანკო პროდუქტი ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდას QR-კოდის საშუალებით. QR-კოდი ბანკის მიერ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს გადაეცემა, რომელიც ავტომანქანის ინტერიერში განთავსდება, მგზავრი კი სმარტფონის მეშვეობით, QR-კოდით, მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, აღნიშნული სერვისის ამოქმედებით, მთავარი დისკომფორტი, რომელიც ტაქსის მძღოლს ხურდის თვალსაზრისით ექმნებოდა, მოიხსნება.

„აღნიშნული გზით გადახდილი მომსახურების თითოეული საფასური ტაქსის მძღოლის დადასტურებული შემოსავალი იქნება, რომლითაც ნებართვის მფლობელ მძღოლს შეეძლება, საბანკო ისტორია შექმნას, კრედიტუნარიანი გახდეს და ყველა საბანკო პროდუქტით ისარგებლოს. მინდა, ბანკებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ეს ტაქსის მძღოლებისთვის სერიოზული პრობლემა იყო და ვფიქრობ, მსგავსი პროდუქტების შექმნა, რეფორმის სწრაფად განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930