14-02-2018
უკრაინის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა ვარსავაში ინტერვიუ მისცა აშშ-ის რუსულენოვან ტელეკომპანია „ნასტოიაშეე ვრემიას“ (რადიო „თავისუფლება“ //“თავისუფალი ევროპისა“ და „ამერიკის ხმის“ პროექტი).
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ინტერვიუს რეზიუმეს:
როგორც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, მოქალაქეობის არქონისა და დეპორტაციის მიუხედავად, იგი აპირებს უკრაინაში პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელოს.
მიხეილ სააკაშვილმა ტელეჟურნალისტს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა დაკავებისა და დეპორტაციის თაობაზე:
„ის, რაც მოხდა, ჩემთვის შოკი იყო. გარეთ რომ გამიყვანეს, ჯიბეში ფულიც არ მქონდა. ქურთუკი გამხადეს და გადააგდეს, გრივნებიც მასში დარჩა. არანაირი დოკუმენტი თან არ მქონია, არც ტელეფონი. თვითმფრინავში ქაღალდის ფურცელი მომცეს მესაზღვრეებისათვის წარსადგენად. თქვენ უნდა გენახათ, კაფეში როგორ დამიჭირეს: ყველა მხრიდან შემომეხვივნენ, თავი დამახრევინეს და ისე წამიყვანეს. მოსულიყვნენ და ეთქვათ უბრალოდ - „გამოგვყევიო“ და მეც ულაპარაკოდ გავყვებოდი. რა, კბენას დავუწყებდი? მათ განგებ მომიგრიხეს კისერი, მახრჩობდნენ... ახლაც ყველაფერი მტკივა“.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას საქართველოში ექსტრადირების მიმართ შიში არ აქვს: „არ დავმალავ და პირდაპირ გეტყვით: სულაც არ მეშინია ქართულ ციხეში ჩავჯდე. მაგრამ თუ ამას გააკეთებდნენ, მოვლენები სხვაგვარად წარიმართებოდა: ჩვენ საქართველოს ხელისუფლების დამხობა მოგვიწევდა, შემდეგ კი უკრაინაზეც ვიზრუნებდით. მაგრამ მე ჯერ უკრაინის საკითხები უნდა მოვაგვარო“.
ჟურნალისტის მიერ დასმული იმ კითხვის პასუხად, თუ რატომ მოხდა მისი დეპორტაცია პოლონეთში და არა ექსტრადიცია საქართველოში, მიხეილ სააკაშვილმა სიტუაცია ასე განმარტა: „იმიტომ, რომ ჩემი გადაცემა საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად არ სურს. ეს არის ძალიან სუსტი ხელისუფლება, რომელიც ჯიბეში უზის რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს. მე იმ ხელისუფლებამ თითიდან გამოწოვილი ბრალდებები წამომიყენა, ეს ყველამ იცის. მოსახლეობისა და სამართალდამცველი ორგანოების ნაწილი ჩვენს მხარეზეა. მე თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ვარ. მე რომ ახლა იქ, თბილისში ვიყო, ხელისუფლება ვერანაირად ვერ დამაკავებდა, მათ ჩემი ძალიან ეშინიათ. კიევში რომ დამიჭირეს, საქართველოში პანიკა ატყდა. ხელისუფლებას ჩემი მიღება არ სურდა. პეტრო პოროშენკომ ამის შესახებ კარგად იცოდა და ამიტომაც ასე არ გააკეთა“.