6-07-2019
"აწყობილი ეკონომიკის დაშლა ჩვენთვის, კახელებისთვის და საქართველოსთვის არის კატასტროფა. რის გამო ვანგრევთ ტურიზმს? ამ 10-15 ნაციონალის გამო ქვეყანა თავზე უნდა დაგვამხონ? ამოგვაღებინეთ ჩვენც ხმა, ჩვენც ხალხი ვართ", - ასე მიმართა მევენახე მიხეილ მამასაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგნელებს, რომლებიც კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს , მცირე და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან.
მისივე თქმით, მთელი ეს პროცესები არა მარტო ფერმერებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის შემაფერხებელია და ერთმა ჯგუფმა არ უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი, ქვეყნის მომავალი.
,,ჩვენ მხოლოდ სტაბილურობა გვინდა. ისეთი პროგრამები ამუშავდა კახეთში, თავისი აგრო - პროგრამებით , ვენახების გაშენებით, რომ ყველა მევენახე ფეხზე დადგა და გაიმართა. ერთ გოჯ მიწას ვერ ნახავთ დაუმუშავებელს . ვენახებიც გავაშენეთ და ტურიზმზე დავიწყეთ მუშაობა. მე პირადად მარანი ავაშენე ,კახური კუთხე , დავიწყე სასტუმროს მშენებლობა . მილიონის ინვენსტიცია განვახორციელე მარტო ერთმა კაცმა , ჩემი ვენახებიდან შემოსავლი. რა გაქვთ დაგეგმილი იმისათვის, რომ მშრომელი ხალხი არ ჩავარდეს იმ უკიდურეს გაჭირვებაში, რაც ჩვენ რამდენიმე წლის უკან გამოვიარეთ“,- კითხვით მიმართა ადგილობრივმა მევენახემ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს.
როგორც მიხეილ მამასაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს, მხოლოდ მევენახეობით, კახეთმა 280 მილიონი ლარის შემოსავალი ნახა და ეკონომიკა ფეხზე დადგა, ახლა კი ამ ყველაფრის ჩამოშლა კატასტროფაა.
,,მართლაც ფეხზეა დამდგარი ეკონომიკა კახეთში . შარშან რამდენი მილიონი ლარი შემოვიდა , ჩვენ ხომ კარგად ვიცით, 280 მილიონი ლარი შემოვიდა კახეთში მევენახეობით, მარტო ყურძნის ჩაბარებით. ახლა შევხედოთ ტურიზმს . მევენახეების უმრავლესობა ტურიზმზე გადავერთეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი თავი დაგვეტვირთა. ავიღეთ სესხები, ავაშენეთ მარნები. ტურიზმის განვითარებით სახელმწიფო იღებს ალბათ ყველაზე დიდ შემოსავალს.
აწყობილი ეკონომიკის დაშლა ჩვენთვის, კახელებისთვის და საქართველოსთვის არის კატასტროფა. რის გამო ვანგრევთ ტურიზმს? ამ 10-15 ნაციონალის გამო ქვეყანა თავზე უნდა დაგვამხონ? მგლისგან ბატკანი არასდროს არ გამოვა. ამოგვაღებინეთ ჩვენც ხმა, ჩვენც ხალხი ვართ", - აღნიშნა მევენახემ.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს , მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან. შეხვედრა გურჯაანში , კულტურის ცენტრში მიმდინარეობს, სადაც სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრება.