10-07-2019
„ეს არჩევნები ვერ მოხდება ისე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვოს ოპოზიციაში ექსკლუზივი და სხვა პარტიები აიძულოს, რომ მხოლოდ მასთან ერთად გაფორმდნენ ფურცელზე, გაფორმდნენ ბლოკში და შექმნან რაღაც ფიქტიური გაერთიანებები და ისე მოიპოვონ ადგილები პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პარტიას თანაბარი სასტარტო პირობები ექნება.
„ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ ჩავატაროთ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. თუ პოლიტიკურ პარტიებს და ამ პარტიასაც, სურთ მონაწილეობა, თუ მათ მართლა სჯერათ, რომ არიან პოლიტიკური პარტია, აქვთ იდეოლოგია და ჰყავთ მიმდევრები და მხარდამჭერები, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, კეთილი ინებონ და აჩვენონ პროპორციულ არჩევნებში, თანაბარ სასტარტო პირობებში თუ რა შეუძლიათ მათ რეალურად და რა სასიკეთო ცვლილებების, თუ ასეთი შეუძლიათ, მოტანა საქართველოსთვის. მაგრამ, ეს არჩევნები ვერ მოხდება ისე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვოს ოპოზიციაში ექსკლუზივი და სხვა პარტიები აიძულოს, რომ მხოლოდ მასთან ერთად გაფორმდნენ ფურცელზე, გაფორმდნენ ბლოკში და შექმნან ფიქტიური გაერთიანებები და ისე მოიპოვონ ადგილები პარლამენტში. ასე ვერ მოხდება. ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება თანაბარი სასტარტო პირობები“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ბუნებრივ უპირატესობაზე უარს ამბობს მმართველი პარტიაც, რაც დღეს არსებული შერეული სისტემით ჰქონდა.
„შეგახსენებთ, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მივიღეთ, როდესაც კონსტიტუცია შევცვალეთ. უბრალოდ, ეს იყო დაგეგმილი 2024 წელს. აქაც ჩვენ გვქონდა არგუმენტები და დღესაც გვაქვს თუ რატომ 2024, მაგრამ რადგან ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთა არის, მზად ვართ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღეს დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ მოვუსმინოთ ხალხს, შევასრულოთ ხალხის მოთხოვნა და ჩავატაროთ არჩევნები პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.