22-07-2019
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ კიკნაძე ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმიანება.
თამარ კიკნაძე ხაზს უსვამს, რომ ხალვაშის განცხადებაში მკაფიოდ იყო აღნიშნული, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც თანამედროვე ცივილიზებული მედია ეფუძნება.
“ქიბარ ხალვაშის განცხადებასა და რუსთავი 2-ის რეაქციასთან დაკავშირებით:
ხალვაშის განცხადებაში მკაფიოდ იყო აღნიშნული, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც თანამედროვე ცივილიზებული მედია ეფუძნება. გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ აუდიტორიას შეურაცხყოფა არ მიაყენოს, დაიცვას ეთიკური სტანდარტი, არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება და ა.შ. სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაშის განცხადება „რუსთავი 2“-ის მიერ და ზოგიერთი NGO-ს მიერ აღქმულია, როგორც სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „რუსთავი 2“ საერთაშორისოდ აღიარებულ, ცივილიზებულ მედიასტანდარტებს არ ცნობს და არ ეთანხმება. ანუ რა გამოდის? მათთვის სტანდარტის დაცვა ითვლება შეტევად? თუ მოთხოვე, რომ არ იცრუოს ჟურნალისტმა, რომ შეგნებული ტყუილი არ გაავრცელოს, ეს არის დამოუკიდებლობის შეზღუდვა? რომ ეუბნები შეურაცხოფა არ მიაყენო - ესაა დამოუკიდებლობის შეზღუდვა? რომ ეუბნები რომ გინება არ უნდა ისმოდეს ეკრანიდან, რომ ეუბნები ყველა მხარეს მიეცი აზრის გამოხატვის საშუალება - ესაა შეზღუდვა? მათი რეაქციები იმის აღიარებაა, რომ „რუსთავი 2“ მედია კი არა, პოლიტიკური ბრძოლის იარაღიაა. ამას გვარამიაც აცხადებს. დიახაც, სწორედ მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და გამოცდილი ადამიანების მოწვევა და ჩარევაა საჭირო, რომ „რუსთავი 2“ გახდეს ტელევიზია და არა პოლიტიკური ბრძოლის უხამსი იარაღი, ტელევიზიის სახელით”, - წერს თამარ კიკნაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.