22-07-2019
„რუსთავი 2“-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა ვიღაცის ახირებების შესრულებას არ გულისხმობს, ადეკვატურსა და რელევანტურს უწოდებს პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე.
„ვფიქრობ, რომ ეს ქიბარ ხალვაშის მხრიდან აბსოლუტურად გასაგები და რელევანტური განცხადებაა. პირობებისა და ულტიმატუმების ფორმა, რომელსაც ჟურნალისტების კორპუსი იყენებს, ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელია. როდესაც ქიბარ ხალვაშს წამყვანი უყენებს პირობას 10 კონტრაქტის თაობაზე, არა მგონია, ეს ადეკვატური საქციელი იყოს. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ტელეკომპანია პრაქტიკულად წართმეული იყო და წართმეული ტელევიზიის თანამშრომელთა ბირთვი ძველ მფლობელს რაღაც პირობებს უყენებს, ვფიქრობ, არარელევანტურია. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას პროფესიონალი მედიამენეჯერის მეშვეობით უზრუნველყოფს, არის აბსოლუტურად ადეკვატური და გასაგები. არ მესმის, რატომ ჰკარნახობს მფლობელს მოგონილ სტანდარტებს ის ჯგუფი, რომელიც ტელევიზიაში წლების განმავლობაში პრივილეგიებით სარგებლობდა და, ფაქტობრივად, იდეოლოგიურადაც ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს“, - განაცხადა ვაკა გორგილაძემ.