23-07-2019
„წინა წლებთან შედარებით, ინვესტიცია ხელშესახებად გაიზარდა და ამ შედეგების გათვალისწინებით, პარლამენტი მზად არის მომავალი წლისთვის ბიუჯეტში საკმარისი რესურსები და პარამეტრები გაითვალისწინოს, ვინაიდან, სამინისტრომ წელს დაამტკიცა, რომ მას გამოყოფილი დაფინანსების ათვისება და იმ ფინანსურ რესურსისა და მსხვილმასშტაბიანი პროექტების ადეკვატური მენეჯმენტი შეუძლია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი თვალ-ყურს ადევნებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას და მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურად არიან ჩართულები პროექტების დაგეგმვასა და განხილვაში. მისივე თქმით, ახალ ინფრასტრუქტურასთან ერთად, რეგიონებს, ქალაქებსა და სოფლებში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და დასაქმების შესაძლებლობა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რეგიონებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში , არსებული მონაცემებით, 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა ჩართული. მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჯარო სიკეთე, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოაქვს და რაც მოქალაქეებისთვის მეტ ახალ სამუშაო ადგილსა და შემოსავალს ნიშნავს.
არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი სიახლეც, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარების მოხსნის კრიტერიუმად დამატებითი შემოსავლის მიღების გაუქმებას შეეხება.
„პარლამენტმა გააუქმა სოციალური დახმარების მოხსნის ერთ კრიტერიუმად დამატებითი შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ტიპის პროექტებში დასაქმდებიან, შეინარჩუნებენ სოციალურ დახმარებასაც, რაც კიდევ ერთი სტიმულია, რომ ადამიანები, რომლებიც აქამდე არ იყვნენ ჩართული ამ პროცესებში და არ ქონდათ დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება, უკვე ამ პროექტებში არიან ჩართული“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.