28-07-2019
სპეციალური პენიტენციური სამსახური N8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ, „შაბათის კურიერის“ ანონსში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია 24 ივლისს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის – გ.ჯ.-შვილის შესახებ.
„ანონსში ითქვა, თითქოს პატიმარი გლდანის ციხეში „აწამეს“, „თავი აქვს გადახსნილი“ და სხვ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს, მათ შორის მათ, ვინც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსახურობს, და მკაცრად გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც მოცემული მედია საშუალების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მავნე პრაქტიკის მორიგი მაგალითია.
N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისადმი გამოთქმული ბრალდების სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს მომხდართან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა.
1982 წელს დაბადებული ბრალდებული გ.ჯ-შვილი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის 14 მაისს იქნა მოთავსებული.
24 ივლისის დილას, დაახლოებით 08.16 საათზე, მე-3 სარეჟიმო კორპუსის N 223 საკანში მყოფმა სხვა პატიმრებმა შენიშნეს, რომ ბრალდებული თავს ცუდად გრძნობდა. მათ გამოიძახეს ექთანი და მორიგე ექიმი. ჯერ ექთნის, ხოლო შემდგომ ექიმის მისვლისას ბრალდებული იყო უკონტაქტო, არ აღენიშნებოდა პულსაცია პერიფერიულ და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე. დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული სარეანიმაციო ღონისძიებები, რის პარალელურადაც ბრალდებულთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იქნა გამოძახებული. სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე, ბრალდებული საკნიდან გადაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გაკეთდა ადრენალინის ინექცია. მიუხედავად სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, გადაღებული კარდიოგრამის მიხედვით, დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.
წინამდებარე პრესრელიზს ერთვის ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სარეანიმაციო ღონისძიებებსა და პატიმრის გადარჩენის მცდელობას. ვიდეოში დაფარულია მხოლოდ პატიმართა სახეები. სპეციალური პენიტენციური სამსახური ასევე გამოთქვამს მზაობას, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს აჩვენოს სრული ვიდეოჩანაწერი, რომელიც 23 ივლისის დღეს, 23-24 ივლისის ღამესა და 24 ივლისის დილას სრულად მოიცავს. მოცემული მრავალსაათიანი ვიდეოჩანაწერის არც ერთი მომენტიდან არ იკვეთება რაიმე ტიპის ზემოქმედება ბრალდებულზე მისივე თანამოსაკნეების ან გარეშე პირების მხრიდან.
გარდაცვალების ფაქტზე 24 ივლისს, 09.38 საათზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო დანაყოფის მიერ (სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). იმავე დღეს, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (რომლის დროსაც, სხვებს შორის, დადგენილი წესით განხორციელდა თავის ქალის გახსნაც).
დამატებითი ინფორმაცია გარდაცვლილი პატიმრის შესახებ:
ბრალდებულ გ.ჯ-შვილს, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, რამდენჯერმე გაეწია კონსულტაცია ოჯახის ექიმის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის მიერ, ხოლო დასმული დიაგნოზის შესაბამისად ჩაუტარდა მკურნალობის კურსი. მკურნალობის პერიოდში, ბრალდებულმა რამდენჯერმე უარი განაცხადა პრეპარატების მიღებაზე, რაზეც შედგენილია შესაბამისი აქტები. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ბრალდებული გ.ჯ-შვილი იმყოფებოდა ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში.
2 ივლისიდან 16 ივლისის პერიოდში ბრალდებული გ.ჯ-შვილი მოთავსებული იყო ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაუტარდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
17 ივლისიდან, ბრალდებული გ.ჯ-შვილი მოთავსებული იყო მე-3 სარეჟიმო კორპუსის N 223 საკანში“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.