გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: ,,სარედაქციო დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია", ესაა ლოზუნგი რომლითაც არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს, უცხოელ პარტნიორებსაც აბულინგებენ

30-07-2019

უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში რამდენიმე აქტუალურ საკითხზე წერს. 

"2020 წლის პროპორციული არჩევნებისათვის ვემზადებით. ასეთ ვითარებაში დიდი გამოწვევაა პარტიების მიერ კოალიციური პასუხისმგებლობის აღების პერსპექტივა.

დღეს კი, პოლიტიკური დაპირისპირების იმ სტადიაში შევედით, როდესაც ნაცმოძრაობამ (სატელიტებს აღარ ჩამოვთვლი) ჩათვალა რომ მსჯელობისას, მით უფრო კამათისას არგუმენტები აღარაა საინტერესო და "ფეიკ ნიუსების" მექანიზმი კიდევ უფრო დახვეწა.

ავანგარდში ისევ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ია. თავისი სატელიტები მედიასივრცეში მასაც მრავლად ჰყავს. საკმაოდ დიდი, კარგად ორგანიზებული საინფორმაციო ველის შექმნაც შეძლეს. ეს არაა რთული, თუ კი წლების განმავლობაში ძალით და ფინანსური რესურსებით აქვითკირებ მართულ მედიასისტემას, ხოლო დღეს ხელისუფლებისათვის მედიათავისუფლების უზრუნველყოფა პრიორიტეტია.

ვისღა ახსოვს რომ ამ მაჩვენებლით, ოდესღაც ასეულს მიღმა მყოფმა საქართველომ მოწინავე პოზიცია დაიკავა. "სარედაქციო დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია", ესაა ლოზუნგი რომლითაც არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც აბულინგებენ. სტრასბურგის სასამართლო მოსყიდულიაო განაცხადეს და ვინ განიკითხავს, არასამთავრობო ორგანიზაციები?!

აბა რომელი ორგანიზაცია გაბედავს და დაინტერესდება მართლა გაუჩეხეს თავი პატიმარს თუ არა! რასაკვირველია უზნეო სიცრუეა, მაგრამ ხომ გავიდა ინფორმაცია ფართო საზოგადოებაში. ვისღა ახსოვს ათასობით ნაწამები და დახოცილი პატიმარი! წლების განმავლობაში საზოგადოების დაშინებისაკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის გეგმაზომიერი რეალიზაცია ხდებოდა ინტენსიურად, მედიის ეფექტური გამოყენებით. მიტინგის დაშლისას არამარტო აწამეს, კონკრეტული ადამიანები მოკლეს და ჭირისუფალს კუბოს თავსახური არ აახდევინეს! მინისტრის გადადგომა კი არა, სინანულის გამოხატვაც არავის მოსვლია თავში! ახლა უნდათ როგორმე ტოლობის ნიშანი დასვან საკუთარ გამიზნულ დანაშაულებასა და 20 ივნისს თავდასხმის მოგერიებისას მომხდარს შორის. ამიტომ ითხოვენ მინისტრის გადადგომას! ყველას იმედი არ მაქვს, მაგრამ ნუთუ არ ესმით ეს რეალობა აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს.

საზოგადოების თვალწინ, ზონდერ-ჟურნალისტიკის სისტემა ჩამოაყალიბეს, უფრო მეტიც, საინფორმაციო ველის დღის წესრიგსაც დიდწილად კვლავაც თვითონ ქმნიან, როდესაც აფსურდული შეკითხვა "პოლიტიკურ ოპონენტებს რატომ სთხოვთ პასუხს?" უფრო საინტერესოდ ჟღერს ვიდრე იმის გარკვევა - არის თუ არა დანაშაული დესტაბილიზაციის დაგეგმვა და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინასწარ განცხადებული ქმედებები.

ნეტავ რატომ მგონია რომ ამ ჩანაწერსაც "მედიაზე ზეწოლად და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გალაშქრების" ფორმად მონათლავენ.

ასეთია ჩვენი მედიასივრცე, ერთმხრივ თავისუფალი და ხელშეუხებელი, მეორე მხრივ გადაყვითლებული და ზედაპირული. და ღმერთმა ნუ ქნას თუ ვინმემ გაბედა და ღრმად ჩაწვდა საკითხებს", -  წერს გიორგი ვოლსკი




ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930