გთავაზობთ მომღერლის ინტერვიუდან ამონარიდს.
– თქვენს ერთადერთ სიყვარულზე დაქორწინებული იყავით?
– არა. მეუღლესთან მხოლოდ 2 წელი ვიცხოვრე. ცოლი არასოდეს მყვარებია.
– რა გამოდის, რომ ვისზეც დაქორწინდით, ის არ გიყვარდათ და ვინც გიყვარდათ, ცოლად არ შეირთეთ?
– კი.
– სად შეხვდით თქვენს დიდ სიყვარულს?
– ერთხელ ტელევიზიაში შევედი, ეს ადამიანი დავინახე და იმ წამს დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. ორივე გავშეშდით. ერთხელ მე ტროლეიბუსიდან ჩავედი და ის თავის მეუღლესთან ერთად ადიოდა…
– გათხოვილი ქალი შეგიყვარდათ?
– ორივენი დაქორწინებულები ვიყავით. ერთმანეთს რომ ვხედავდით, ვითიშებოდით.
ფილარმონიას ვავსებდი, ჯაბა იოსელიანის დაცვა მემსახურებოდა, ფილარმონიიდან ფულს ვეზიდებოდი. ერთ-ერთი კონცერტის წინ საგრიმიოროს კარი გაიღო და ჩემი მეგობარი შემოვიდა, რომელსაც ეს გოგო შემოჰყვა.
ნახევარ საათში სცენაზე ვიყავი გასასვლელი, მაგრამ დავინახე თუ არა, გავითიშე. აბაზანაში შევიკეტე და ვკანკალებდი, ხელები, ფეხები წამერთვა. მეგონა, სიზმარში აღმოვჩნდი და კონცერტს ვეღარ ჩავატარებდი, რადგან ჩემს თავში ათასი რაღაც ხდებოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ თავისი ფეხით ჩემს საგრიმიოროში მოვიდა. გავიყინე, მოვკვდი, ტუჩები გამილურჯდა. მივხვდი, რომ ეს იყო ის დღე, როდესაც ჩვენ უკვე ერთად უნდა ვყოფილიყავით.
– კონცერტი ჩაშალეთ?
– ადამიანად აღარ ვვარგოდი, მაგრამ ერთი საათის დაგვიანებით მაინც გავედი სცენაზე. სულ კულისებში ვიყურებოდი, რომ დამენახა, ხომ ნამდვილად იქ იყო. რაღაც პერიოდი ვეღარ დავინახე, თურმე ისიც ცუდად გახდა… მაგ დღის შემდეგ ზუსტად 6 თვე ერთი წუთითაც არ დავშორებივართ ერთმანეთს.
– 6 თვის შემდეგ რამე მოხდა?
– 6 მაისს ჩემს ცხოვრებაში საშინელი დღე გათენდა. ვერაფერი გავიგე, ისე უცებ შეურიგდა მეუღლეს. მისთვის არ მითქვამს, ქმარს გაშორდი-მეთქი, თავისი სურვილით გაშორდა.
– თქვენც გაშორებული იყავით ცოლს?
– არა. ოფიციალურად ახლაც არ ვარ მეუღლეს გაშორებული.
– საყვარელი ქალისგან ღალატი როგორ გადაიტანეთ?
– 35 კონცერტი მქონდა დაგეგმილი, ყველა ბილეთი გაყიდული იყო და მითხრეს, გაუქმების შანსი არ არისო. ნერვიულობით 40 კილო დავრჩი, სულ შავები მეცვა. კონცერტებზე ერთი და იმავე ფორმით გავდიოდი, არ ვიცოდი, რა დროს წამომივიდოდა ცრემლები. ყველა კითხულობდა, ეს როგორი გიააო.
სწორედ მაშინ დავიწყე პლანის მოწევა და წამლის გაკეთება, მაგრამ ნარკოტიკზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. გასინჯვის პერიოდები მქონდა, დიდად არ მომეწონა და თავის დანებებაც არ გამიჭირდა.
ხელებზე შემხედეთ, დღემდე მაქვს იარები.
– რისგან გაქვთ იარები?
– დაჩეხილი ვიყავი, ჩემს თავს ვაწამებდი. მსიამოვნებდა, საკუთარ თავს ფიზიკურად რომ ვუსწორდებოდი.
ასეთი გრძნობა თურმე ცხოვრებაში ერთხელ მოდის და აღარასოდეს მეორდება. ჩემთან დაბრუნებული უკან აღარ უნდა გამეშვა. ახლა ის მკვდარი რომ არ იყოს, დღეს ძალიან ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, რადგან ჩვენ ერთად ვიქნებოდით.
მან ჯერ თავისი ოჯახი დაანგრია, ჩემთან მოვიდა და მერე მე დამინგრია ყველაფერი. შემდეგ ქმარს შეურიგდა, მაგრამ 3 თვეში ისევ ჩემთან მოვიდა. რა ვქნა, ვერ ვაპატიე და მაშინ აწეწილი ცხოვრება დღემდე ვერ დავალაგე.
– მისი გარდაცვალების ამბავი როგორ გაიგეთ?
– ეს იყო საშინელება! მაშინ მოსკოვში ვიყავი. ყოველთვის ვამბობდი, არ არსებობს, ის ჩემი ცოდვით აუცილებლად მოკვდება-მეთქი. ამიტომ მის სიკვდილში თავს ვიდანაშაულებდი.
ვინც კი უსამართლოდ მექცევა, ყველას რაღაც ცუდი ემართება, მათ შორის არიან ჩემი ახლო მეგობრები – სამ მათგანს შვილები მოუკვდა. არავის ვწყევლი, მაგრამ მათ სასწაულად სჯით ღმერთი.