გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზურგეთში ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

4-09-2019

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული კ.მ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 20 ივლისს, ქ. ოზურგეთში, კ.მ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და პისტოლეტით შეიარაღებული, დაუდგენელ პირებთან ერთად შემოქმედელის ქუჩაზე მივიდა და წლების წინ მომხდარი უთანხმოების გამო განაწყენებულმა ავტომანქანაში მსხდომ გ.ფ.-ს და დ.ო.-ს რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გ.ფ. და დ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ. 

კ.მ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ორი პირის განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება), აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

სამართალდამცველებმა კ.მ. 2019 წლის 8 თებერვალს სარფში დააკავეს.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ კ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930