4-09-2019
დაახლოებით 1 თვის წინ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში საზეიმოდ გახსნილი პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ 3 ჰექტარზე, სხვადასხვა ზონებად დაყოფილი პარკი მოაწყო, თუმცა ის უკვე დაზიანებულია.
„ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები, რომ იქ მოეწყობოდა სივრცე ახალი ხე-მცენარეებით. სპეციალურად ბავშვებისთვის რამდენიმე ახალი სივრცეა მოწყობილი, როგორც საკალათბურთო მოედანი, ისე სკეიტბორდისთვის და ველოსიპედებისთვის, ასევე, სათამაშო გასართობი ატრაქციონები პატარებისთვის, სპეციალური ზონა ცხოველებისთვის, ველობილიკები. სივრცე არის განათებული და გამწვანებული. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალაც წარმოადგინა.
„გული მწყდება, რადგან, ის, რაც კეთდება, კეთდება ისევ და ისევ თქვენი ფულით. თქვენი გადასახადებიდან იხარჯება თანხები იმისთვის, რომ ქალაქში, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ისეთივე მიდგომა და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქალაქთან მიმართებაში, როგორც საკუთარ სახლთან. ვერ წარმომიდგენია, რომ ის ადამიანები, ვინც ამას აზიანებს, საკუთარ სახლშიც იგივენაირად იქცეოდეს და ავეჯს ამტვრევდეს. ეს საზოგადოებრივი სივრცეები, პარკები, სკვერები ხომ კეთდება იმისთვის, რომ ადამიანს ესიამოვნოს იქ ჩასვლა, ბავშვის ჩაყვანა, დაისვენოს კომფორტულ გარემოში. თუ ეს დავამტვრიეთ და დავაზიანეთ, რა აზრი აქვს საერთოდ ასეთი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით“, - განაცხადა კახა კალაძემ.