8-09-2019
გიორგი გახარიამ საპარლამენტო გამოსვლისას განსაკუტრებული ყურადღება დაუთმო დასაქმების საკითხს და ხაზი გაუსვა, რომ აღწერითი სტატისტიკა ბოლომდე ვერ გადმოსცემს დასაქმების კუთხით არსებულ რეალურ პრობლემატიკას.
,,ჩვენ ხომ ყველას გვახსოვს, რომ ამ ქვეყნის სისტემური პრობლემა იყო დასაქმების გაზომვა. იმიტომ, რომ თვითდასაქმებულსაც მთელი ცხოვრება ვთვლიდით დასაქმებულად და ვამბობდით, რომ ჩვენი დაუსაქმებელი მოსახლეობის რაოდენობა არის თუ არ ვცდები 12%. მაშინ როცა დასაქმებულებიდან 40%-ზე მეტი არის თვითდასაქმებული, რომელიც აღქმის დონეზე თვითონ თავს დასაქმებულად არ თვლის. დღეს უკვე ოფიციალურად დასაქმებული - და არა თვითდასაქმებული - ადამიანი, რომელიც სხვა დაწესებულებისგან ან სხვა ადამიანისგან იღებს ხელფასს, პირველად, ამ ქვეყნის ისტორიაში გადასცდა 51%-ს. ზრდის დიდი ნაწილი არის კერძო სექტორზე, თუმცა საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც საკმაოდ მაღალია.“ - განაცხადა პრემიერმინისტროის კანდიდატმა.
გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ, რა თქმა უნდა, დასაქმებულთა ანაზღაურება არ არის იმ სტანდარტების, როგორიც ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა ჩვენ უნდა ამოვიდეთ არსებული რთული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნიდან, რაც ხელშესახები უნდა იყოს დღესვე და გაგძელდეს მომავალში.
"ჩვენ არ უნდა შევადაროთ ჩვენი თავი განვითარებულ, ან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ჩვენ ჩვენი თავი უნდა შევადაროთ სად ვიყავით ჩვენ გუშინ და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი უნდა იყოს სად ვიქნებით ჩვენ ხვალ. სხვა ყველაფერი არის ილუზია და პოპულიზმი" - განაცხადა გახარიამ.