19-09-2019
ცნობილი ხდება ზურაბიშვილის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების მთავარი მოტივი - კორუფცია.
პროკურატურას უკვე აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი პრეზიდენტის მრჩევლის, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას თხოვნით შეიწყალა, რომელსაც სავარაუდო კორუფციული ინტერესები ამოძრავებდა.
დიმიტრი გაბუნია ერთერთი შეწყალებულის ყოფილი ადვოკატია და არსებული ინფორმაციით, მან გარკვეული კორუფციული გარიგების სანაცვლოდ სთხოვა პრეზიდენტს მსჯავრდებულების შეწყალება. პრეზიდენტმა კი სანაცვლოდ ძვირფასი საჩუქარი მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, გაბუნიასთან ერთად, პრეზიდენტის სკანდალური შეწყალების საქმეში ფიგურირებს ოკუპირებული რუსთავი 2-ის ამჟამინდელი დირექტორი, პაატა სალიაც, რომელიც მისი პარტნიორი იყო წლების განმავლობაში.
გაბუნია მედიას ემალება, ზურაბიშვილი კი აცხადებს რომ მას შეწყალების სკანდალურ საქმესთან კავშირი არ აქვს. დუმს პაატა სალიაც.
შეგახსენებთ: სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.
ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილი და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, პეკინის გამზირზე მოკლეს.
ზურაბიშვილმა ასლან ბეჟანიძესთან ერთად შეიწყალა პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელი, რამაზ დევაძეც.
დევაძემ მუკბანიანი ბათუმის ერთერთ კლუბში მაშინ მოკლა, როდესაც პოლიციელი გოგონების დაცვას ცდილობდა.
ზურაბიშვილმა ასევე შეიწყალა მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ნადირაძეც.
გამოძიების ინფორმაციით, 1994 წელს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზურან ნადირაძემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა.
დაჭრილთაგან იოსებ ქოიავა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა შეიწყალა ძებნილ გოგოლაძეც, რომელიც დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მიტაცების ბრალდებით იძებნებოდა და მას სასჯელი დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.
P.S: შეწყალების სკანდალს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ოპოზიცია ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ითხოვს, მედიაში კი აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია კორუფციული გარიგებების, მათ შორის კრიმინალების მიერ ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი ძვირფასი საჩუქრების შესახებ, რომელზეც პრესა.ჯი ექსკლუზიურად წერდა.