გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა

24-02-2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს, მარგო ელისს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტები REAP (რეგიონებში ეკონომიკური აქტიობების გაუმჯობესება), ZRDA, G-HIP (საქართველოს თხილის მწარმოებელთა და იმპორტიორთა მხარდაჭერის პროგრამა) დადებით გავლენას ახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის დინამიურ განვითარებაზე და ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს ტექნიკური დახმარების კომპონენტის გამოყენებით გაიღრმაონ ცოდნა, ხოლო საგრანტო ნაწილის მეშვეობით - აწარმოონ პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე.


მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებთან ერთად, USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტები ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების, ფინანსური რესურსებისა და ცოდნის მობილიზებას ფერმერებში. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ამ მიმართულებებში უკვე 60 მლნ დოლარია ინვესტირებული.


ასევე, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ბოლო დროს გავრცელებული საკარანტინო მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „მთავრობა მთავრობისთვის“ პროგრამის ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობათა განვითარების პროექტის განხორციელება. მან ასევე აღნიშნა, რომ ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელია USAID-ის პროგრამების გაგრძელება და საგრანტო კომპონენტის შენარჩუნება ფერმერებისთვის. როგორც მარგო ელისმა აღნიშნა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში იწყებს დამოუკიდებელ პროექტს სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერისთვის, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალური ფერმერებისთვის, კოოპერატივებისა და დარგში მოღვაწე ასოციაციებისთვის, როგორც ტექნიკური, ასევე საგრანტო დახმარების გამოყოფას.
ლევან დავითაშვილთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში (USDA).
საქართველოს დელეგეციის ვიზიტი ვაშინგტონში დღეს დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930