25-09-2019
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელთა ვიზიტის მიზანია, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნესგარემოს შესწავლა.
ივანე მაჭავარიანმა სტუმრებს გააცნო მაკროეკონომიკური პარამეტრები, საქართველოს წამყვანი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, ქვეყნის პოტენციალი სატრანზიტო და ლოგისტიკური მიმართულებით. საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო წლებში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ინიციატივებს.
როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ვიზიტის ფარგლებში, შედგა საინტერესო შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, სტარტაპებთან, რომლებთაც საკმაოდ კარგი შესაძლებლობები აქვთ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით. დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი ვიზიტი ქვეყანაში იქნება შედეგიანი და ორმხრივად სასარგებლო როგორც ინვესტიციების, ისე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და ნიკოლოზ გაგუა, ასევე, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე.
აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების პირველი პირებისგან შემდგარ დელეგაციას MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი იიც ეფლბაუმი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში შედიან უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ვენჩერული და საინვესტიციო ფონდების დამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები.