29-09-2019
უმრავლესობის დეპუტატი გიორგი კახიანი მისასალმებელს უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა, თავის დროზე ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სრულიად გაუგებარი და გაურკვეველი იყო.
„დღეს თუ მათ შეიცვალეს თავის პოზიცია, ეს მისასალმებელია, რადგან ეს უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა რუსეთიდან, ბუნებრივია, ეს ჩვენს ინტერესებშია, რადგან ამ სექტორის უკან დგას ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ამიტომ, თუ ეს განცხადება ცხოვრებაში განხორციელდება და იმედია, ეს ასეც იქნება, ჰაერზე არ კეთდება ასეთი განცხადებები, ეს მხოლოდ მისასალმებელი შეიძლება იყოს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამასთან, მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც არაფერი შეცვლის.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზი, რომელსაც არაფერი შეცვლის. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის დეოკუპაციისკენ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ამ გზაზე გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.