2-10-2019
კონკრეტული ადგილების გარდა, სადაც ელექტროდამტენები დღეისათვის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, დამტენები ელექტრომობილების მფლობელების თხოვნის მიხედვით სხვა საცხოვრებელ ადგილებთანაც დამონტაჟდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა ელექტროავტომობილის მფლობელ მოქალაქეებს მოუწოდა, დამტენების დამონტაჟების თხოვნით თბილისის მერიას დროულად მიმართონ.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ გასულ წელს ელექტომობილების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის დავაანონსეთ, რომ ვისაც ჰყავს ელექტრომობილები, შეუძლია მიმართონ მუნიციპალტეტს და ჩვენ დამტენებს მათ საცხოვრებელ ადგილებზე, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავამონტაჟებთ. ქალაქი უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით. რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი უნდა შემოვიდეს ქალაქში. ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით არაერთი განაცხადი იყო და რეაგირებაც შესაბამისად ხდებოდა. პირველ ეტაპზე დამტენები იმ ადგილებზე დავამონტაჟეთ, სადაც მეტი იყო მოთხოვნა. დღეისათვის ელექტროდამტენები დამონტაჟებულია ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩაზე; მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე; ავლაბარში, წინანდლის ქუჩაზე (300 არაგველის მეტროს მიმდებარედ); დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის ორ მისამართზე, ვაკეში, თაქთაქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე. მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ელექტომობილების პოპულარიზაციას. არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ამ ტიპის ავტომობილებისთვის პარკირება უფასოა. ტრანსპორტი, მშენებლობა გავლენას ახდენს არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და ამ ყველაფრის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას. ამდენად, ვისაც ელექტრომობილები გყავთ, იაქტიურეთ, მოგვმართეთ მუნიციპალიტეტს და ჩვენ უფასოდ დავამონტაჟებთ დამტენებს თქვენთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე. ეს თქვენთვის დამატებითი კომფორტი იქნება, ყველა ხარჯს კი მუნიციპალიტეტი გაწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 11 თებერვლიდან თბილისის მერიაში მოქმედებს ვებგვერდი chargers.tbilisi.Gov.ge, რომლის საშუალებით ელქტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ახლო დამტენების დამონტაჟება სთხოვონ.