4-10-2019
მომდევნო, 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცეს. უმრავლესობასთან ერთად ოქმს მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.
ქვეყნის მასშტაბით გამართული 11 საჯარო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა და საზოგადოებას, დისკუსიებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას საზოგადოების მხრიდან ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.
„საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრები გაიმართა. დაახლოვდა პოზიციები ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ასევე, პოლიტიკოსების პოზიციები დაახლოვდა საზოგადოების მოსაზრებებთან. განვიხილეთ მნიშვნელოვანი თემები და დაისვა მნიშვნელოვანი კითხვები. მოქალაქეები ინტერესდებოდნენ, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი რეგიონების ინტერესები პროპორციული გზით არჩეულ პარლამენტში, გაიმართა დისკუსია ბლოკებთან და ბარიერთან დაკავშირებით. ასევე, დაისვა კითხვები, თუ რამდენად შეძლებენ მომდევნო პარლამენტში თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიები და რამდენად შევძლებთ, გამოვიყენოთ ეს ისტორიული მომენტი, რომელიც უფრო ევროპულ, უფრო დაბალანსებულ, უფრო დემოკრატიულ და მშვიდ პოლიტიკურ კულტურაზე გადაიყვანს ქვეყანას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ შემაჯამებელ ოქმში სწორედ განხილვებისას გამოთქმული ძირითადი საკითხებია ასახული.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მომდევნო ეტაპი უკვე კანონპროექტების საპარლამენტო ფორმატებში განხილვაა. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას შეახსენა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დეპუტატების ხმათა სამი მეოთხედით მტკიცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღებას როგორც უმრავლესობის, ასევე, ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
მან ასევე, აღნიშნა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ.
„მნიშვნელოვან ცვლილებებს განვიხილავთ - პარტიების დაფინანსების ახალ, უფრო სამართლიან სისტემას, კამპანიის ჩატარების წესებში მეტი სიცხადის შემოტანას, მედიის დროის განაწილებას და სხვა მნიშვნელოვან თემებს, რომელიც ოპოზიციას, საზოგადოებას და საერთაშორისო დამკვირვებლებს არაერთგზის ჰქონდათ მოთხოვნილი. მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ჩვენ აქაც ვეცდებით, რომ მაქსიმალური შესაძლებელი შეთანხმებით, დისკუსიის გზით წავიდეთ და თქვენთან ერთად მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გამართული საყოველთაო-სახალხო განხილვები დადებითად შეაფასეს და შემაჯამებელი ოქმის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს კომისიების წევრებმა.