გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ეკონომიკის სწრაფი განვითარება დამოკიდებულია ბიზნეს გარემოზე, მის განვითარებაზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას

8-10-2019

ეკონომიკის სწრაფი და რაც მთავარია მდგრადი განვითარება დამოკიდებულია პირველ რიგში ბიზნეს გარემოზე, მის განვითარებაზე და შესაბამისად იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა დღეიდან ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, არცერთი ნაბიჯი ტურისტულ სექტორში არ იქნება გადადგმული აღნიშნულ სექტორთან დიალოგის გარეშე.

„დავიწყეთ საუბარი ტურისტული სექტორით, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ყველაზე დიდი გარღვევა, ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს აქ და რაც მთავარია გადაცემის ეფექტი ამ დარგს აქვს ყველაზე დიდი. მოგეხსენებათ, რომ 2018 წელი ჩვენ დავამთავრეთ დაახლოებით 7 მილიონზე მეტი ვიზიტორით ქვეყანაში და დაახლოებით 3,2 – 3,3 მილიარდი დოლარი შემოსავლებით ჩვენი ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია, რომელზეც დღეს ჩვენ აქ უნდა ვისაუბროთ. უნდა ვიცოდეთ, რომ არცერთი ნაბიჯი სექტორში არ იქნება გადადგმული თქვენთან საუბრის გარეშე. ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიმოქმედებთ. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რა არის მთავრობის ფუნქცია აქ. მთავრობის ფუნქცია არის ის, რომ თქვენთან ერთად იზრუნოს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე და დარგში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ამისთვის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტში ტურისტული მიმართულებით მოახდინა დაახლოებით 115 მილიონი ლარის ალოკაცია, რომელიც იქნება დახარჯული ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩამოვყალიბდეთ მიმართულებებზე, როგორ, რანაირად, სწრაფად და ეფექტურად ვხარჯავთ ამ ფულს. კონკრეტულ შემთხვევებში თქვენ შეიძლება გქონდეთ პრობლემები, რომლის გადაჭრასაც ბიუროკრატიული იქნება, არაბიუროკრატიული, სუბიექტური თუ ობიექტური, გპირდებით, რომ ამას დასჭირდება დღეები, იქ სადაც შესაძლებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ენერგია ეკონომიკაში სასწრაფოდ იყოს მობილიზებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე მესმის ჩვენი ფუნქცია - დაგეხმაროთ და მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება, შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტები და დარგში შევქმნათ იდეალური საინვესტიციო გარემო. ეს არის ამოცანა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, საბოლოო მიზანი არის ძალიან მარტივი - მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი შემოსავალი, მეტი სამუშაო ადგილი და რა თქმა უნდა, ქვეყნის მეტი ცნობადობა. იმიტომ, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური ეფექტების გარდა ყველას კარგად გვესმის, რომ ტურიზმს აქვს არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი გადაცემის - ეს არის ქვეყნის ცნობადობა და ამას ჩვენთვის განვითარებადი დემოკრატიისთვის, განვითარებადი ეკონომიკისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.მინდა იცოდეთ, რომ ამ მთავრობის, ჩვენი გუნდის კარიც, ტელეფონებიც, ყველაფერი იქნება წვდომადი იმისთვის, რომ სწრაფად, იქ, სადაც შესაძლებელია, სადაც პრობლემები არის ობიექტური, სადაც პრობლემების გადაწყვეტას შევძლებთ სწრაფად, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. გთავაზობთ, რომ მაქსიმალურად ღიად ვისაუბროთ შეზღუდვების გარეშე და მზად ვართ კრიტიკისთვის, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930