17-10-2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო 270 ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც ჯამურად 19 მილიონ 674 ათას 750 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერები უკვე გამოცხადებულია.
აღნიშნული თანხიდან 9 485 280 ლარად იგეგმება 120 ერთეული ოპერატიული დანიშნულების სპეციალიზირებული ტიპის (პიკაპის) შეძენა. მოთხოვნებში მითითებულია, რომ 120-ვე მანქანა უნდა იყოს თეთრი ფერის, გამოშვებული არა უადრეს 2019 წლისა და თითოეულის გარბენი არ უნდა იყოს 200 კმ-ზე მეტი. ტენდერი 23 ოქტომბერს დასრულდება და მოგვიანებით გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.
გარდა ამისა, შსს გეგმავს ოპერატიული დანიშნულების 30 სატრანსპორტო საშუალების (ჰეჩბეკის) შეძენას, 15 ავტომატური გადაცემათა კოლოფით და 15 მექანიკური გადაცემათა კოლოფით. როგორც პიკაპების შემთხვევაში, აღნიშნული 30 ავტომობილი უნდა იყოს თეთრი ფერის. 30 ერთეული ჰეჩბეკის შესაძენად გამოყოფილია 1 771 470 ლარი. ტენდერი 18 ოქტომბერს დასრულდება.
18 ოქტომბერს დასრულდება გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი, რომლის საწყისი ღირებულება 8 418 000 ლარია. აღნიშნული თანხითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 120 ოპერატიული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალების შეძენას გეგმავს. აღნიშნული ავტომობილებიც თეთრი ჰეჩბეკები უნდა იყოს.
მოთხოვნის შემთხვევაში, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასტიკერებაც.