23-10-2019
„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი ერთხმად დაამტკიცა. საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს აშშ კონგრესში, ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის!“-საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად მიღების ფაქტს ეხმაურება და ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას უხდის.
„ორპარტიული კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს. კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორი ჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, იგი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს“,-წერს პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.