30-10-2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 მარტს, ქ. თბილისში, ტყვარჩელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, ძარცვისთვის ნასამართლევი, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ზ.ქ., ბასრი საგნით შეიარაღებულ თანამზრახველთან ერთად, თავს დაესხა რ.ს.-ს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მას გასტაცეს 50 ლარი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ზ.ქ. 2019 წლის 6 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.