გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების კიდევ ერთი ეტაპი სრულდება

31-10-2019

დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე ამჟამად გაზისა და წყლის კომპანიები ცვლიან მიწისქვეშა კომუნიკაციებს, რის შემდეგაც მოეწყობა სანიაღვრე და დაიგება ასფალტის ქვედა ფენა.

„ვამთავრებთ სამუშაოების კიდევ ერთ ეტაპს. ეს არის მონაკვეთი არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩებიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე. შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოასფალტდება ქვედა ფენა, როგორც გამზირის დანარჩენ მონაკვეთებზე. მომდევნო ეტაპი არის კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთი, სადაც მუშაობა უკვე დაწყებულია და დღე და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მუშაობენ „თბილისი ენერჯი“ და GWP, რომლებიც ცვლიან მიწისქვეშა კომუნიკაციებს, შემდეგ განხორციელდება სანიაღვრე ქსელის, მოგვიანებით კი კეთილმოწყობის სამუშაოები და მოასფალტება. პარალელურად, ვარაზის ხევის ამოსასვლელიდან „პიქსელის“ შენობამდე ტროტუარების მოწყობა ფაქტობრივად დამთავრებულია, მიმდინარეობს თარგების მოწყობა, მალე მცენარეების დაირგვება, ბოლოს კი დავიწყებთ ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანას და ახალი სანათებისა და ბოძების მონტაჟს. ბოლო ეტაპზე იქნება დახაზვის სამუშაოები, გაჩერებების მოწყობა გზის შუა ნაწილში, გადასასვლელების დახაზვა და ა.შ. სამუშაოები გაზაფხულზე მთლიანად იქნება დამთავრებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ჭავჭავაძის გამზირის სრული სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კილომეტრს. პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი. გარდა ამისა, მოეწყობა ბორდიურები, მოპირკეთდება ტროტუარი, მოეწყობა საველოსიპედე სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ კი დამონტაჟდება მოაჯირები და - ბოძკინტები. გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის ლედ განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები და თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები.

მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი.
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930