6-11-2019
„ამ მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ ვინ დგას რეალურად ჩვენი
სახელმწიფოს და ეკლესიის გვერდით და გამოჩნდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებშიც, შედის ეკლესიის დისკრედიტაცია, სახელმწიფოს შესუსტება და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება“, -ასე აფასებს საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამ პროცესების უკან არიან ის ძალები,ვინც არეულობების, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციით იყვნენ დაინტერესებული.
„საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ამ მოვლენებს ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მთავარი ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევის აერთიანებს, ჩემი დაკვირვებით. თუმცა, ვერანაირი განცხადებები, ვერანაირი პოლიტიკური შეტევები ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას ვერ შეასუსტებს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე -უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა,რომ ხელისუფლება რაიმე სახით იყო დაინტერესებული გაკეთებულ ბრალდებებთან მიმართებაში.
„არავითარი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ ხელისუფლება რაიმე სახით ყოფილიყო დაინტერესებული იმ ბრალდებებთან მიმართებაში, რომელიც გაკეთდა. პირიქით -მიმდინარე მოვლენებმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ პატრიარქს და ეკლესიას აქვს ხელისუფლების და ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. დამატებით, ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის განცხადებები, რაც მის მიერ სამივე დასახელებულმა პირმა საჯაროდ გააკეთა დავნახეთ, რომ მათ უარყვეს ასეთი მოლაპარაკებებისა და ასეთი შეხვედრის არსებობა. უფრო მეტი შეფასებების გაკეთება გამიჭირდება“-აცხადებს თალაკვაძე.