გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას: თქვენ გახარებთ, როცა ამ ქვეყანაში პრობლემებია და ამას იყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის

12-11-2019

"თქვენ გახარებთ ამ ქვეყანაში პრობლემები და ამას იყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, დარტყმა მიაყენოს ეროვნულ ღირებულებებს, ებრძოლოს სარწმუნოებას.

"მთავარი თემა არის არა ის, როგორ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, არამედ მთავარი თემაა ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. აქ რომ დემოკრატიაზე გვიკითხავენ ლექციას, დემოკრატია არის პასუხისმგებლობა. როცა ხელისუფლებაში იყავით, მაშინ გაგეკეთებინათ დემოკრატიის მინიმუმ ის 10% მაინც, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. დღეს რაც არ უნდა ბევრი გველაპარაკოთ თავისუფლებაზე, აზრის გამოხატვაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს ყველაფერი არის ფარსი. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, საკუთარ თავს ატყუებთ, აქ ირონიანარევი ღიმილით რომ მიყურებთ, თქვენთვის დემოკრატია არის იარაღი ძალაუფლების დასაიბრუნებლად, რათა რევანში მოახდინოთ და მეტი არაფერი. ეს ძალიან კარგად იცით თქვენც და საზოგადოებამაც. სწორად ბრძანა ირაკლი კობახიძემ, თქვენი მთავარი ამოცანაა, იერიში მიიტანოთ ყველა იმ სიკეთეზე, რაც ყველას გვაერთიანებს. გიხარიათ, როცა ქვეყანაში პრობლემებია და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ, მათ შორის, თქვენი ვაი-პატრიოტიზმით. გიხარიათ, როცა ამ ქვეყანაში რადიკალიზმია", - აღნიშნა პარლამენტარმა.

ირაკლი სესიაშვილმა იმ ამომრჩევლებს მიმართა, რომლებმაც 2003, 2004 წელს და შემდგომში ხმა მისცეს ნაციონალებს. ასევე, მათ, ვინც 2012 წლის შემდეგ გახდნენ 18 წლის, და ის ფაქტები გახისენა, როცა ეს ადამიანები აწამეს, დახვრიტეს, ციხეში ამოალპეს.

"თქვენთან სასაუბრო ნამდვილად არ მაქვს, სასაუბრო მაქვს თქვენს ამომრჩეველთან, რომელმაც 2003, 2004 წელს და შემდგომში ხმა მოგცათ და ეს ადამიანები აწამეთ, ზოგი დახვრიტეთ, ზოგი ციხეში ამოალპეთ. ბატონი კაკო საუბრობდა პროექტებზე და რა თქმა უნდა, ყველა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პროექტების განხორციელების პარალელურად რამდენ ოჯახს აუბედურებდით, რამდენ ბიზნესმენს ართმევდით ქონებას, რომ მის ხარჯზე თქვენი ფსევდოდემოკრატია გეჩვენებინათ, პარალელურად რამდენ ადამიანს აწამებდით ციხეში, რამდენს არბევდით და ტერორში გყავდათ მედია და მთელი საზოგადოება. აი, ეს არის თქვენი სახე და რამდენიც არ უნდა მელაპარაკოთ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, პლურალიზმზე, ეს ყველაფერი არის ფარსი, რადგან დღეს თქვენი ამოცანაა, დარტყმა მიაყენოთ ეროვნულ ღირებულებებს. ტყუილად არ არის, რომ თქვენს ტელევიზიებში მთავარი თემა არის გინება, იმიტომ, რომ ენას უნდა ებრძოლო, უნდა დაამკვიდრო, რომ ენაში გინება არის იარაღი და ეს არის ქართული ენა. თქვენ ებრძვით სარწმუნოებას. შეიძლება მომთხოვოთ, რომ ფაქტი დავასახელო, მაგრამ საზოგადოებას არაფერი ფაქტი არ სჭირდება, ბუნებრივი აღქმა აქვს. და თქვენ ყველაზე მეტად გეშინიათ სიმართლისა და ბუნებრიობის, გეშინიათ დემოკრატიის. თქვენ დემოკრატიით კი არ მართავთ, თქვენი იდეოლოგიით, სისასტიკის იდეოლოგიით გააგრძელებთ ქვეყნის მართვას, როგორც აკეთებდით. ამიტომ თქვენ კი არ მოგმართავთ, მივმართავ თქვენს ამომრჩეველს, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ გახდნენ 18 წლის და მათ შეიძლება ძალიან მოსწონთ, გიგა ბოკერიას ან რომელიმე თქვენგანის ლაპარაკი, მაგრამ, როცა გიგა ბოკერია და თითოეული თქვენგანი იყავით ხელისუფლებაში, მაშინ აგეღოთ პასუხისმგებლობა დემოკრატიაზე. ამიტომ თქვენი ნებისმიერი, თუნდაც კარგი სიტყვა, არის ტყუილი და ამ ტყუილზე პასუხი უნდა აგოთ და პასუხი უნდა გაგცეთ, პირველ რიგში, ჩვენმა საზოგადოებამ", - განაცხადა სესიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930