14-11-2019
„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა - თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა და აღქმული იქნა, როგორც ხელისუფლებისთვის პროპორციული არჩევნების გამოტაცება „ - ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
მისი თქმით, უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა ამ ინიციატივას გაუთავებელი დესტრუქციით, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობით, აგრესიული რიტორიკით, ცინიზმით უპასუხა.
„გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ” - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა.
მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო” - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.