გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე მიქაბაძე: მთავრობა ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რაზეც ექსპორტის მიმდინარე დინამიკა ნათლად მეტყველებს

19-11-2019

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ექსპორტის მოცულობამ 316.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, ოქტომბერში იმპორტი 2.1 პროცენტით შემცირდა და 847.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 32.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 531.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს - ექსპორტი  10.4 %-ით გაიზარდა და 3 035.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი წინა წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 3.1 %-ით ნაკლებია  და 7 331.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 517.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 4 295.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტი შეადგინა - წინა წელთან შედარებით ის 5.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებში - საქართველოს ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და 685.2 მლნ. აშშ. დოლარი, ანუ ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.6% შეადგინა.


აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ექსპორტი 22.7 პროცენტით გაიზარდა და 3 355.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს და 9 136.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია სავაჭრო დეფიციტის გაუმჯობესება. 

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ექსპორტის მიმდინარე დინამიკა. „თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას ხელს უწყობს და  საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას ქმნის.

 ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით - ეს ყველაფერი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას ხელს უწყობს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (24.7%), მსუბუქი ავტომობილების (65.4%), მედიკამენტების (23.7%), მინერალური და მტკნარი წყლების (24.6%) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (12.7%) ექსპორტი. რაც შეეხება იმპორტს ამავე პერიოდში - გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (47.1%), მსუბუქი ავტომობილების (5.1%), ნავთობის აირების (9.8%) და მედიკამენტების (7.0%) იმპორტი.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930