5-12-2019
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 696.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცი.
საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3.9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 632.6 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.9 პროცენტით მეტი). 2019 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 316.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 129.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 979.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 87.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: • მსხვილი ბიზნესი – 1 281.1 ლარი, • საშუალო ბიზნესი – 1 463.6 ლარი, • მცირე ბიზნესი – 1 260.2 ლარი.