გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო არჩვაძე: დაძლეულია ახალი რეკორდული მიჯნა - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

13-12-2019

„დაძლეულია ახალი რეკორდული მიჯნა - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი წერს, გავრცელებული ინფორმაცია სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2019 წლის ნოემბრის (და შესაბამისად, იანვარ-ნოემბრის) საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები. დაზუსტებული მონაცემები ალბათ, 5-6 დღეში გამოქვეყნდება და მაშინ უფრო დეტალურად შეიძლება საუბარი მიღწეულ შედეგებზე, თუმცა უკვე

- ნოემბერში მიღწეულია ექსპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - საქართველოდან ამ ერთ თვეში საზღვარგარეთ გატანილი პროდუქციის ღირებულებამ 345.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს გასული წლის ნოემბერთან შედარებით 25.2 პროცენტით მეტია! ასეთი დიდი მოცულობის ექსპორტი ერთ თვეში საქართველოს ჯერ არ ჰქონია (2019 წლის მაისში დაფიქსირდა 334.5 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი).

2019 წლის ნოემბრის ექსპორტი აღემატება: გასული წლის ნოემბრის ექსპორტს - თითქმის 70 მილიონი აშშ დოლარით (69.7 მლნ აშშ დოლარით), ხოლო 2019 წლის წინა ათი თვის (იანვარ-ოქტომბერი) საშუალო თვიურ მაჩვენებელს (303.6 მლნ აშშ დოლარი) - 42.3 მლნ აშშ დოლარით (13.9%-ით). 2019 წლის ნოემბერში უარყოფითი სავაჭრო ბალანსის სიდიდე წინა წლის ნოემბერთან შედარებით შემცირდა 38.1 მლნ აშშ დოლარით (8.0%-ით). შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში, ასევე, ადგილი ჰქონდა იმპორტის ზრდას (4.2%-ით - 31.6 მლნ აშშ დოლარით), მაინც ექსპორტით იმპორტის გადაფარვის ახალი, რეკორდული დონე იქნა მიღწეული (44.2%, ნაცვლად ერთი წლის წინანდელი 36.8%-სა).ნოემბერში საგარეო ვაჭრობაში ასეთმა წარმატებებმა გააამყარეს საგარეო ვაჭრობის წლის პოზიტიური ტრენდი.

- მთლიანად იანვარ-ნოემბერში წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით: ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 11.7 პროცენტით, უარყოფითი ბალანსის მოცულობა შემცირდა 10.3 პროცენტით, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვა გაუმჯობესდა 5.2 პუნქტით - 36.4%-დან 41.6%-მდე.

აღნიშნული პოზიტიური ძვრები საგარეო ვაჭრობაში, აგრეთვე, ეკონომიკის ამ ზაფხულს გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით უფრო მაღალი ზრდა, ექსპორტით მიღებული შემოსავლების ცნობილი მიზეზების გამო 3-თვიანი ვარდნის შემდეგ მატების დამაიმედებელი, მზარდი ტემპი, ფულადი გზავნილების საგრძნობი ზრდა (2019 წლის ნოემბერთან შედარებით 13.3%-ით) ქმნიან საკმაოდ სოლიდურ საფუძველს არა მარტო ეკონომიკის ზრდის, არამედ საგადამხდელო ბალანსის არსებითი გაუმჯობესების, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებისა და ინფლაციის დათრგუნვისა და მისი თანდათანობითი შემცირების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული მიმართულებით სერიოზული პოზიტიური მუხტის მატარებლად უნდა ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით კიევში სუამის სამიტზე მიღწეული შეთანხმებები მის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.

არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ დამდეგ ახალ წელს მეტი და მზარდი პოზიტიური კუმულატიური ფაქტორებით და, შესაბამისად, ოპტიმისტური განწყობით შევხვდეთ (2019 წლის 13 დეკემბერი)...“ - წერს სოსო არჩვაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930