18-12-2019
"მწვანე სკოლის" დირექტორი დღეს განათლების სამინისტროში დაიბარეს. ის განათლების მინისტრის მოადგილეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. დირექტორი ამბობს, რომ უწყებას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
სკოლის დირექტორის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, როგორ მოხდა პირის იდენტიფიცირება, რომელმაც სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის წარწერები გააკეთა
"თბილისის მწვანე სკოლის" დამფუძნებლის და დირექტორის კახა დავითურის განცხადებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ 15 წლის მოზარდს სამართალდამცავები მსუბუქ საყვედურს ან გაფრთხილებას მისცემდნენ.
"ამოცნობა როგორ მოხდა მე ნამდვილად ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ ძალიან ინერვიულეს კლასელებმა. მე ვიცი, რომ ისინი იყვნენ გამოკითხვაზე. მე სხვა დეტალები არ ვიცი. ჩემთვის ეს საკითხი არ არის ცნობილი, მე ვერ ვიმსჯელებ ჭორებით ამის შესახებ.
მიდის გამოძიება, რამდენადაც მე ვიცი, ახლაც არიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ჩვენი თანამშრომლები. მთელი სკოლა არის უმძიმეს მდგომარეობაში.
თქვენ წარმოგიდგენიათ ჩემს ადგილას თავი? ან ჩვენი მასწავლებლების, ან ბავშვების ადგილას თავი? ეს არის უმძიმესი რამ, უბრალოდ, რომელსაც სამწუხაროდ, ვერავინ ვერ გავთვლიდით წინასწარ.
ჩემი მოლოდინი იყო, რომ ეს იქნებოდა ალბათ რაღაცა საყვედური, თუ მით უმეტეს ეს არასრულწლოვანი იყო, ეს იქნებოდა რაღაცა გაფრთხილება მისთვის," - აცხადებს "მწვანე სკოლის" დირექტორი კახა დავითური.
15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ ღამით გარდაიცვალა. არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო. ის კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.
თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა 12 დეკემბერს სცადა. ფაქტს წინ უძღოდა, "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მისი დაკითხვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.