18-12-2019
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძეზე მისი მხდიდან არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩოლოიანის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდის გამოკითხვა მშობლის თანდასწრებით მიმდინარეობდა.
"ბრალდების შესახებ დადგენილება ჯერ არ ჩაგვბარებია, თუმცა მუხლი, რითაც დაწყებულია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, არ ვეთანხმები. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არა თუ მარიანა ჩოლოიანის, არამედ არცერთი სხვა პოლიციელის მხრიდან პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანის მიმართ არ განხორციელებულა იძულების, მუქარის თუ სხვა კანონით გაუთვალისწინებელი ქმედება. უფრო მეტიც, არცერთი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის დროს რაიმე სახის შენიშვნა არც არასრულწლოვანის მხრიდან, არც კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირებული არ არის. სწორედ კანონიერი წარმომადგენელი გამოთქვამდა სურვილს, რომ კვლავ ჰქონოდა საგამოძიებო ორგანოსთან კავშირი არასრულწლოვანს. იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა გამომძიებლისა და საგამოძიებო ორგანოდან იძულების, ან ზეწოლის ფაქტი, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, აღნიშნულის შესახებ დაეფიქსირებინათ და შეეტანათ შესაბამისი შენიშვნები, რაც დაფიქსირებული არ არის არათუ იმ პირველ დღეს, როდესაც იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, არამედ მეორე დღესაც.
უფრო მეტსაც გეტყვით, მეორე დღეს, საგამოძიებო ორგანოში არასრულწლოვნის გამოცხადების ინიციატორი გახდა მისი კანონიერი წარმომადგენელი. შესაბამისად, კითხვა მარტივია, თუ წინა დღეს მის მიმართ განხორცილდა რაიმე სახის იძულება და მუქარა, შეუძლებელია ოჯახის წევრმა გამოთქვას სურვილი, მეორე დღეს საკუთარი ფეხით მივიდეს საგამოძიებო ორგანოში.
მარიანა ჩოლოიანი არასრულწლოვანს ეკონტაქტა პოლიციის განყოფილებაში კამერების მეთვალყურეობის ქვეშ, შესაბამისად, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები," - აღნიშნა ადვოკატმა