24-12-2019
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. ნიშნადობლივია, რომ 2020 ფისკალური წლის კანონი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ კანონი ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას.
აქტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
ასიგნებათა კონსოლიდირებული აქტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საგარეო უწყების ინფორმაციით, 2020 წლის აქტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.