24-12-2019
დიპლომატიურ კორპუსში „ფორმულას“ ინფორმაციით საკადრო წმენდა დაიწყო. თამარ ბერუჩაშვილს, რომელიც 2015 წლიდან გაერთიანებულ სამეფოში იყო საქართველოს ელჩი, სოფო ქაცარავა შეცვლის. დავით დონდუას კი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი, ელჩობისთვის ამზადებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრ - ლევან იზორიას, რომელიც გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილს ჩაანაცვლებს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, შეთავაზება სოფო ქაცარავამ პირადად გიორგი გახარიასგან მიიღო და სწორედ ამიტომ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ მას, თანაგუნდელებისგან განსხვავებით, არც კრიტიკული განცხადებები გაუკეთებია. როგორც ჩანს დუმილი დაუფასდა. ამ თემაზე საუბარი მედიასთან არ სურს, თუმცა შესაძლო დიპლომატობის შესახებ ინფორმაციას არ უარყოფს. ბერუჩაშვილმა კი „ფორმულა“ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართა.
ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ ლევან იზორიასთანაც, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან გაუშვეს და ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელობს. სატელეფონო ზარების უპასუხოდ დატოვების შემდეგ სახლში ვესტუმრეთ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია, ვრცელდებოდა. ავსტრიის ელჩად შესაძლო დანიშვნის შესახებ კი, ჯერ კიდევ მინისტრის თანამდებობაზე მყოფ ციხელაშვილს საუბარი არ სურს.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების დიდი ნაწილი, რომლებმაც უმრავლესობა სოფო ქაცარავასთან ერთად დატოვეს, მის შესაძლო დიპლომატობაზე არ საუბრობენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ დიპლომატიურ მისიებში საკადრო ცვლილებები, პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. მათი განცხადებით, დიპლომატებმა ოლიგარქის დავალება კარგად ვერ შეასრულეს, რაც მათი ჩანაცვლების მიზეზი გახდა.
წმენდა დიპლომატიურ მისიებში სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.