5-03-2018
აზერბაიჯანის მასმედიაში კვლავ გრძელდება ისეთი მასალების პუბლიკაცია, რომლებშიც საქართველოს მიმართ საყვედურებია გამოთქმული, კერძოდ - გაკრიტიკებულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოზიცია.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ გამოცემა «Haqqinaz»-ში გამოქვეყნებულ სარედაქციო კომენტარს (მცირე შემოკლებით):
„საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველა სფეროში დინამიურად ვითარდება, მაღალ დონეს აღწევს და წინსვლას აგრძელებს. საკმარისია ავღნიშნოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა... გარდა ამისა, საქართველო აზერბაიჯანელი ტურისტებისათვის ერთ-ერთი მიმზიდველ მიმართულებდ იქცა. რასაკვირველია, ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემებიც ჩნდება ხოლმე, მაგრამ თბილისი და ბაქო ყოველთვის ცდილობდენ სადაო საკითხები ზედმეტი ხმაურის გარეშე მოეგვარებინათ. მაგრამ ამასწინანდელმა აშკარა უპატივცემლობამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოავლინა ჩვენი ქვეყნის მიმართ, აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ერთსულოვანი აღშფოთება გამოიწვია: ქართული სახელმწიფოს მეთაურმა პატივი არ მიაგო ხოჯალის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას... ასეთი დემონსტრაციული უგულვებელყოფა და გულგრილი დამოკიდებულება იმ ხალხის ტრაგედიის მიმართ, რომელიც ქართველების გვერდით ცხოვრობენ, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ უპატივცემლობად, არამედ იმ საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების უარყოფადაც, რომლებმაც ხოჯალის გენოციდი აღიარეს. და ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანელი ხალხი, საქართველოსათვის ყველაზე მძიმე დღეებში, მას დახმარების ხელს უწვდიდა და მოძმე ქართველ ხალხს მხარს უჭერდა. აი, როგორ იხსენებს და აფასებს მსგავს სიტუაციას საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: „როცა 2005 წელს „გაზპრომ“-მა მთელი საქართველო ბუნებრივი გაზის გარეშე დატოვა და ყელში ხელი წაგვიჭირა, აზერბაიჯანმა თავის მოსახლეობის ნახევარს გაზი გამოურთო და ჩვენ მოგვაწოდა, გაგვათბო, შემდეგ კი კონტრაქტზე ხელის მოწერის ნება მოგვცა, თანაც ისეთ კონტრაქტზე, რომლის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე იაფი გაზი გვაქვს. განა ჩვენ ეს უნდა დავივიწყოთ? რას იფიქრებს აზერბაიჯანის ჩვენზე? რომ ქართველები უმადურები არიანო? ხალხს არავინ დაადანაშაულებს, მაგრამ მთავრობაზე კი ასე ნამდვილად იტყვიან...“.
დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ საქართველო ყოველთვის მზადაა სომხეთთან ყველანაირ საკითხზე მოილაპარაკოს, მაქსიმალურად განავითაროს თანამშრომლობა ყველა სფეროშიო. იგი გაკვრით შეეხო ყარაბაღის პრობლემას და შენიშნა: „მცირე ხალხებისთვის მსგავსი კონფლიქტები დამღუპველია, ჩვენ ვლოცულობთ, რომ რეგიონში მშვიდობა იყოსოს“.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვმა კომენტარი გაუკეთა არაკეთილმეზობლური და არამოკავშირეობითი დამოკიდებულების ფაქტს: „სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არიან ისეთი ჩინოვნიკები, რომლებიც თბილისისა და ბაქოს ურთიერთობის გაურესებით არიან დაინტერესებულნი. რა თქმა უნდა, თუ საქართველო სომხეთისათვის გზას გახსნის, ეს ბაქოს მიმართ დამატებით გადადგმული არამეგობრული ნაბიჯი იქნება“.
რასაკვირველია, ყოველ სახელმწიფოს თავისი საკუთარი ინტერესები აქვს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როცა ხოჯალის გენოციდის მორიგი წლისთავი აღინიშნებოდა, მაინც უნდა გამოევლინა პატივისცემა დაღუპულთა ხსოვნისადმი, მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის მწუხარება გაეზიარებინა და არ უნდა დაეწყო საუბარი სომხეთისადმი კეთილგანწყობის შენარჩუნებაზე.