გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3 პროცენტით არის მომატებული“ - ამირან გამყრელიძე

6-01-2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, გრიპის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 191 შეადგინა, წინა კვირაში კი, 312 შემთხვევა იყო.

მისივე თქმით, ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3 პროცენტით არის მომატებული. თუ დეკემბრის ბოლო კვირაში ჰოსპიტალიზების საერთო რაოდენობაში სეზონური ვირუსის გართულებაზე 19 პროცენტი მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 22 პროცენტია.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება. ჯერჯერობით ეპიდემიური ზღვარისგან შორს ვართ. დეკემბრის ბოლო სამი კვირა ხასიათდებოდა გრიპისა და გრიპის მსგავსი ინფექციების სიმპტომებით მიმართვიანობისა და ახალი შემთხვევების მზარდი რიცხვით. იანვრის პირველი კვირის მონაცემებით კი, მიმართვიანობამ იკლო. დღევანდელი ციფრი გახლავთ 191 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. თუ წინა კვირაში, ანუ დეკემბრის ბოლო კვირაში ჩვენ გვქონდა 312, ახლა გახლავთ 191, რაც ნაკლებია როგორც წინა კვირასთან მიმართებაში, ასევე 2019 წლის პირველ კვირასთან მიმართებაში. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3 პროცენტითაა მომატებული. თუ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 19 პროცენტი, ახლა გვაქვს 22 პროცენტი. თუმცა ის ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ბოლო კვირის მონაცემებით დასტურდება, რომ წლევანდელ სეზონზე პრევალირებს „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930