გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლისის ტბის წართმევის საქმე ევროსასამართლოში გასაჩივრდა

20-01-2020

საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. აღნიშნულის შესახებ ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების ყოფილმა მესაკუთრემ, ბიზნესმენმა რამაზ ახველდიანმა და ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახველდიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ რამაზ ახველდიანის წინაშე ვერ შეძლო ევროკონვენციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, ეროვნული სასამართლოებმა მიიღეს არასაკმარისი მტკიცების მქონე გადაწყვეტილებები, საქართველოს პროკურატურამ კი არასათაანდო საქმისწარმოების გამო, ვერ შეძლო სამართალწარმოების პროცესში რამაზ ახვლედიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, კვალიფიკაცია, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და პირის დაზარალებულად ცნობა შესაბამისი საპროცესო უფლებების წარმოშობისთვის. რამაზ ახვლედიანი ევროპულ სასამართლოში მოითხოვს, მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ დადგინდეს ევროკონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტის სავარაუდო დარღვევა და ევროკონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა ევროკონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით.

„ჩვენ ძალიან რთულ საქმეზე ვსაუბრობთ, რომელიც თვალსაჩინო მაგალითია, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დაშვებული სისტემური დანაშაულებების, მაგრამ უფრო მეტად მტკივნეულია იმის აღქმა და გათავისება, რომ სამართლიანობის აღდგენა არ შეეხო რამაზ ახვლედიანს. ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ლისის ტბის წართმევის საქმეზე კანონის უზენაესობა, მაგრამ ამ მიმართულებით, ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას ნდობის რესურსი არ ამოუწურავს. ქართულ სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში მოუწევს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის აღება ბატონი ახვლედიანის წინაშე. ევროპული სასამართლო იმსჯელებს, რა ფინანსური სანქცია უნდა დაეკისროს საქართველოს. ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ ობიექტური რეალობის გამო - ის, რაც სახელმწიფომ ბატონ ახვლედიანს წართმეული ლისის ტბის გამო უნდა გადაუხადოს, სინამდვილეში ეკუთვნის გადაიხადოს პოლიტიკას ამოფარებულმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ნამდვილად იცის ბიზნეს-პარტნიორის ღალატის ფასი. ჩვენ ლისის ტბის წართმევის საქმეზე ვიწყებთ ადვოკატირების ახალ პროცესს და სამართლებრივად პასუხს აგებს ყველა, ვინც მონაწილეობდა ბატონი ახვლედიანის უფლებების დარღვევაში. რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბაზე, გასულ წელს, აღიდგინა წყალმოსარგებლის უფლებები. ეს ბრძოლაც წინააღმდეგობებით სავსე გზას გაივლის და გარდაუვალი გამარჯვებით დასრულდება. მე ამას საზოგადოებას ვპირდები“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით (რომელიც მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა), რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხანდაზნმულობის გამო. მოსამართლე მაია ვაჩაძემ ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა.

რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა.

სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის განკარგულება დაინტერესებული პირის მხრიდან უნდა გასაჩივრებულიყო გამოცემიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სარწმუნო არ არის სისტემური დანაშაული - არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, ვინაიდან რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქონების დათმობის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე, თუმცა მხარე ასაბუტებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კონფლიქტში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებასთან (ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე) და მეორეს მხრივ ავტორი მოსამართლეების მიერ 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებასთან (საქმე: ბს-236-234 (კ-16)), სადაც სასამართლომ ხანდაზმულობის ვადების ათვლა დაუკავშირა პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებისა და კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვას ფაქტს, ხოლო სადავო აქტის გასაჩივრებისთვის განსაზღვრა არა მისი გამოცემის თარიღი, არამედ ჩაბარებიდან ერთთვიანი ვადა.
მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა სადავო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის შეფასებისას, სხვა საქმეზე, ცალსახად განმარტეს, რომ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით აქტის ჩაბარება არის აქტის ძალაში შესვლისა და შესაბამისად, აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის პირობა, რამაზ ახვლედიანის შემთხვევაში კი, ამავე მოსამართლეებმა საწინააღმდეგოდ იმსჯელეს, რადგანაც რამაზ ახვლედიანმა სადავო აქტი სწორედ ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 1-თვიან ვადაში გაასაჩივრა, რაც საქმეზე მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორის სასარგებლო დასკვნებისა და სადავო აქტის გაუქმების უპირობო საფუძველს ქმნიდა, რაზეც სამმა მოსამართლემ შეგნებული დუმილი არჩია.

საკასაციო სასამართლო სამართლებრივი შეფასების გარეშე ტოვებს რამაზ ახვლედიანის მხრიდან პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარემოების შეფასებას. სწორედ ამ გარემოების სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, სასამართლო ვერ გაექცეოდა სინამდვილეს და რამაზ ახვლედიანის მხრიდან ვალდებულებების შესრულების ფაქტი საქმისთვის იქნებოდა უდავო ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი პირდაპირ გააბათილებდა რამაზ ახვლედიანის 2006 წლის 4 ნოემბრის ქონების დათმობის შესახებ განცხადებაში არსებულ ჩანაწერს, რა დროსაც, რამაზ ახვლედიანი, საორგანიზაციო ხასიათის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს თითქოსდა უთმობდა ქონებას, ეს კი, სასამართლოს იძულებულს ხდიდა ემსჯელა თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქონების უკანონოდ დათმობის ფაქტზე.

ეროვნული დონის სასამართლოებმა არსებითად შელახეს რამაზ ახვლედიანის უფლებები და სადავო გარემოებების მიმართ არაერთი გამრუდებული დასკვნა წარმოადგინეს - თითქოსდა რამაზ ახვლედიანი არასდროს არ ყოფილა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება და არ მომხდარა უძრავი ქონების საფასურის გადახდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე მსჯელობას, რაც გადაწყვეტილების სახით, ქმნის სრულიად წარმოუდგენელ მოცემულობას. ამიტომაც, შეუძლებელია, გადაწყვეტილებას გააჩნდეს ოდნავი კანონიერების პრეტენზია. მეტიც, მორალურ საფუძვლებსაც მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ რამაზ ახვლედიანს სადავო ქონებაზე არ გააჩნდა საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“, რაც გონივრულ კრიტიკასაც ვეღარ უძლებს.

შესაბამისად, რჩება ერთმნიშვნელოვანი აღქმა იმისა, რომ ქართულმა სასამართლომ რამაზ ახვლედიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა მოუსპო. გადაწყვეტილება არ ატარებს საქმეზე დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელწერას. ექცევა პოლიტიკური მოვლენების ერთგვარ კონტექსტში და შეგნებულად, მსჯელობის არაერთ მონაკვეთში, მამუკა ხაზარაძის დასახელებასაც გაურბის. მოსამართლეები ხაზარაძეზე საუბრისას იყენებენ ტერმინს - „ბიზნეს პარტნიორს“.

ცნობისთვის: შექმნილია უხერხული გარემოებაც. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია - რამაზ ახვლედიანის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. რამაზ ახვლედიანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. შესაბამისად, გაურკვეველია ორი გარემოება - რა ნაწილში გაიზიარა საკასაციო სასამართლომ რამაზ ახვლედიანის დასკვნები, როდესაც აუქმებდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, გადაწყვეტილების მთლიან ტექსტში მსჯელობა არ არის. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საუბარი არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზეც, რომელიც მიუთითებლობის გარეშე, ავტომატურად გაუქმებულად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული გარემოებები მხარეს ეჭვს უჩენს შესაძლო სხვა გადაწყვეტილების პროექტზე, რომლითაც, შესაძლოა, საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაბრუნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თუმცა პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოებების შედეგად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული აქტი.

ცნობისთვის: ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების წართმევის საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მუშაობა 2015 წელს დაიწყეს და ახალი კვლევა გამოაქვეყნეს. ეროვნულ დონეზე, სამართალწარმოების პროცესი რამდენიმე მიმართულებით განვითარდა - ქონების დათმობის შესახებ გამოცემული პრეზიდენტის განკარგულების გაუქმების მოთხოვნითა და საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის იურიდიულად მოქმედების აღიარების მოთხოვნით. სასამართლომ ლისის ტბაზე ლიცენზია 2024 წლამდე რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა, რითაც აღნიშნული დავა ქართულ სასამართლოში წარმატებით დასრულდა. ქართულ სასამართლოში, მათ შორის ევროპულ სასამართლოში, რამაზ ახვლედიანის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930